Latest news
6 ხანძრის განზრახ გაჩენაში ბრალდებული 59 წლის კაცი სასამართლოში გადაიყვანეს ელენიკოს პარკი - ათენის ახალი მწვანე სივრცე აგიტის მღვიმე - დრამაში მდებარე მიწისქვეშა იდუმალი სამყარო პროგრამა “პირადი დამხმარე” მუდმივ ხასიათს იძენს რუანდა და უგანდა ”დაბრუნების ცენტრების” 2 მთავარ ვარიანტად განიხილება დაინტერესებული პირები დასაქმების პროგრამაზე განცხადებების გაკეთებას 18 აგვისტომდე შეძლებენ საბერძნეთი: ატიკის გუბერნატორი ქალაქში მომრავლებული კოღოების წინააღმდეგ ზომებს იღებს საბერძნეთი: კიდევ ერთი თვითმკვლელობის შემთხვევა მეტროში საბერძნეთის სახელმწიფო ხანძრის შემდგომი ეროზიისა და წყალდიდობების პრევენციის სამუშაოებს იწყებს Marfin-ის საქმე: წინასწარი პატიმრობა შეეფარდა საქმის მესამე ბრალდებულსაც
ოთხშაბათი, აგვისტო 12, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პანდიოს უნივერსიტეტს სტუდენტური საცხოვრებელი ექნება

პანდიოს უნივერსიტეტს სტუდენტური საცხოვრებელი ექნება

პანდიოს უნივერსიტეტის ახალი პროექტი ასობით სტუდენტის ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად შეცვლის. აღნიშნული პროექტი საბერძნეთში გამწვავებული სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემის გადაწყვეტაშიც შეიტანს წვლილს.

უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად იგეგმება საკუთარი სტუდენტური საცხოვრებლის შექმნა. პროექტის საერთო ბიუჯეტი 13,58 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო მისი დასრულება 2027 წლის გაზაფხულზე იგეგმება. განათლების მინისტრის სოფია ზახარაკის სამშენებლო ობიექტზე ვიზიტისას წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, სამუშაოების დაახლოებით 42% უკვე დასრულებულია, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ პროექტი დადგენილ ვადაში დასრულდება.

ახალი სტუდენტური საცხოვრებელი მოიცავს 96 ოთახს, რომელშიც 196 საწოლი იქნება განთავსებული. მათგან 12 ოთახი სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტებისთვის. შენობაში ასევე მოეწყობა საერთო სამზარეულო, მოსასვენებელი და შეხვედრების სივრცეები, ხოლო განახლდება სტუდენტური რესტორანიც, რომელიც დაახლოებით 2 500 უფასო კვების ბენეფიციარს ემსახურება.

ახალი საცხოვრებლის შექმნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პერიოდში, როდესაც სტუდენტური ბინის მოძიება უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

ბოლო წლებში საბერძნეთის დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით ათენსა და სალონიკში, ქირის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის მიზეზებს შორისაა მოკლევადიანი გაქირავების ზრდა, მცირე ზომის ბინების სიმცირე და ზოგადი საბინაო კრიზისი.

ბევრი ოჯახისთვის უნივერსიტეტის არჩევანი უკვე მხოლოდ სტუდენტის აკადემიურ ინტერესებსა და შედეგებზე აღარ არის დამოკიდებული. უკვე მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა შეძლებს თუ არა ოჯახი საცხოვრებლის ხარჯების დაფარვას. ხშირია შემთხვევები, როდესაც სტუდენტები უარს ამბობენ სასურველ ფაკულტეტზე სწავლაზე ან ცდილობენ სხვა ქალაქში გადასვლას, რადგან საცხოვრებლის ფინანსური ტვირთი მათთვის ძალიან მძიმეა.

ბოლო წლებში საბერძნეთის უნივერსიტეტებში ხორციელდება ახალი სტუდენტური საცხოვრებლების მშენებლობისა და განახლების პროექტები, მათ შორის თრაკის დემოკრიტეს უნივერსიტეტში, კრეტას უნივერსიტეტში, თესალიას უნივერსიტეტში, დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტსა და იონიის უნივერსიტეტში.

პანდიოს უნივერსიტეტის ახალი საცხოვრებელი ზემოთ აღნიშნული ფართო სტრატეგიის ნაწილია და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან წარმოადგენს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ერთ-ერთ უმსხვილეს უნივერსიტეტი ქვეყანაში, რომელსაც აქამდე საკუთარი თანამედროვე სტუდენტური საცხოვრებელი არ ჰქონია.

თანამედროვე ხედვის მიხედვით, სტუდენტური საცხოვრებელი მხოლოდ იაფი ოთახის შეთავაზებას აღარ ნიშნავს. ის უნდა იყოს სივრცე, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტების ურთიერთობას, თანამშრომლობას, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასა და უნივერსიტეტურ ცხოვრებაში სრულფასოვან ჩართულობას.

სწორედ ამ პრინციპით იგეგმება პანდიოს უნივერსიტეტის პროექტიც: საერთო სივრცეებით, სამზარეულოებით, სასწავლო ადგილებითა და ხელმისაწვდომობის თანამედროვე სტანდარტებით.

სტუდენტური საცხოვრებლები მხოლოდ სოციალური დახმარების ფორმა არ არის, არამედ განათლებაზე თანაბარი წვდომის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. მათი საშუალებით უფრო მეტ ახალგაზრდას ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს უმაღლესი განათლება ისე, რომ საცხოვრებელი ადგილი და ოჯახის ფინანსური მდგომარეობა არ განსაზღვრავდეს მის მომავალს.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *