Latest news
სერესში მამაკაცი კულურში აღმოჩენილი მინის ნატეხით დაშავდა  პერისტერში შინაური ცხოველებისადმი მიძღვნილი ფესტივალი გაიმართა საკალათბურთო სკანდალის საქმეზე 6 ბრალდებული დააკავეს Pizza Fan-ის საგადასახადო სკანდალი კუნძული ხიოსის მაცხოვრებლები აეროპორტის დროებითი დაკეტვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი: 1940 წლის ისტორიული „არა“ თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის მარა... ბერძნების ისტორიულ მეხსიერებაში 28 ოქტომბრის „არა“ დომინირებს რა გახდა Pizza Fan-თან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მიზეზი ალექსანდრუპოლი: 17 წლის გოგონა ხიდიდან ვარდნის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებებით გარდაცივალა 21 წლის გოგონა პაროსზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს
კვირა, ოქტომბერი 25, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

პლაკაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა

პლაკაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა

ათენის ისტორიულ უბანში, პლაკაზე 25 სექტემბერს დილით მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. 

ნანგრევებში მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპული ქალია, რომელიც შენობის პირველ სართულზე იმყოფებოდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება იმ გაუჩინარებული 5 პირის საპოვნელად, რომლებიც ივარაუდება, რომ შენობაში იმყოფებოდნენ.

ადგილზე მუშაობს დაახლოებით 30 მეხანძრე ექვსი სპეციალური მანქანით, მათ შორის EMAK-ის ორი სამაშველო მანქანა და სამი სამძებრო ძაღლი. მაშველები ნანგრევებში ადამიანების აღმოსაჩენად სპეციალურ ხმოვან სენსორებსა და კამერებს იყენებენ. პერიოდულად სამშენებლო მასალის გატანა და ადგილზე ნებისმიერი ხმაური წყდება, რათა შესაძლო გადარჩენილების ხმა უკეთ გაიგონონ.

არსებული ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე მოკლევადიანი გაქირავების ბინაში ამერიკელი ტურისტები იმყოფებოდნენ. საუბარია წყვილზე, რომლებიც ათენში დასასვენებლად იმყოფებოდნენ. მათი ადგილსამყოფელი აფეთქების შემდეგ უცნობია.

მეორე სართულზე კი ხანდაზმული წყვილი ცხოვრობდა: 78 წლის ქალი, რომელიც ათენშია დაბადებული და 77 წლის ბრიტანელი მამაკაცი. პოლიციამ მათთან ტელეფონით დაკავშირება სცადა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

მაშველებმა ნანგრევებში ქალის ჩანთაც იპოვეს, რომელშიც ბინის ქირავნობის დოკუმენტი და ამერიკული პასპორტები აღმოჩნდა. აღნიშნული გარემოებები აძლიერებს ვარაუდს, რომ ტურისტების ნაწილი აფეთქების დროს შენობაში იმყოფებოდა.

აფეთქების შედეგად მეზობელი შენობიდან ორი ქალი მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს. ისინი სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კიდევ ერთმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანება მინის ნამსხვრევებისგან მიიღო.

ადგილზე რჩებიან საბერძნეთის პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ექიმები. ასევე მობილიზებულია დამატებითი სამაშველო ტექნიკა, რომელსაც ნანგრევების გატანაში ათენის მუნიციპალიტეტი ეხმარება.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად ჯერ დადგენილი არ არის. წინასწარი შეფასებებით, ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად ბუნებრივი აირის გაჟონვა განიხილება. შემთხვევის ადგილზე მუშაობს ხანძრისა და აფეთქების მიზეზების გამომძიებელი სპეციალური სამსახური.

ათენის მერმა, ხარის დუკასმა, შემთხვევის ადგილზე განაცხადა, რომ სიტუაცია ძალიან რთულია და სამძებრო სამუშაოები არ შეჩერდება მანამ, სანამ ყველას არ იპოვიან.

აფეთქების შედეგად გამოწვეული ნგრევა იმდენად მასშტაბურია, რომ სამაშველო ჯგუფები ნანგრევებში განსაკუთრებული სიფრთხილით მუშაობენ. სამძებრო ოპერაცია გრძელდება და მთავარი ამოცანა დაკარგული ადამიანების აღმოჩენა და შესაძლო გადარჩენილების დროული დახმარებაა.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *