ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები – საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობას აძლიერებს
ახალი ვერტმფრენები, დრონები და ტყის სპეცდანაყოფები – საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობას აძლიერებს
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საბერძნეთის სახელმწიფომ მნიშვნელოვნად გააძლიერა სამოქალაქო დაცვის სისტემა, რათა უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს ტყის ხანძრებსა და სხვა სტიქიურ მოვლენებს. განხორციელდა ინსტიტუციური რეფორმები, გაიზარდა პერსონალის რაოდენობა, შეიქმნა ახალი სპეციალური დანაყოფები და განახლდა ტექნიკური აღჭურვილობა.
2021 წელს შეიქმნა კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის დამოუკიდებელი სამინისტრო, ხოლო პრიორიტეტად განისაზღვრა არა მხოლოდ სტიქიის შედეგებთან ბრძოლა, არამედ მისი პრევენცია და სწრაფი რეაგირება. პროგრამა Antinero-ს ფარგლებში ტყეების გაწმენდის, ხანძარსაწინააღმდეგო ზოლებისა და ტყის გზების მოწყობისთვის 650 მილიონ ევროზე მეტი გამოიყო, ხოლო მუნიციპალიტეტების პრევენციული ღონისძიებების დაფინანსება 50 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
გაძლიერდა სახანძრო სამსახურიც. თუ 2019 წელს ქვეყანაში დაახლოებით 13 000 მეხანძრე მუშაობდა, დღეს მათი რაოდენობა 18 000-ს აჭარბებს. სეზონური მეხანძრეების რიცხვი 900-დან 2 500-მდე გაიზარდა, შეიქმნა ტყის ოპერაციების 21 სპეციალური დანაყოფი, სადაც დაახლოებით 1 600 სპეციალურად მომზადებული „ტყის კომანდოსი“ მსახურობს. მათთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით ათასობით მოხალისე მონაწილეობს ხანძრების პრევენციასა და ლიკვიდაციაში.
მნიშვნელოვნად განახლდა ტექნიკური პარკიც. საბერძნეთი ამჟამად ფლობს 33 საკუთარ საჰაერო საშუალებას: 28 თვითმფრინავსა და 5 ვერტმფრენს, ასევე იყენებს 51 იჯარით აღებულ საჰაერო საშუალებას. „ΑΙΓΙΣ“ პროგრამის ფარგლებში, რომლის ბიუჯეტი 2 მილიარდ ევროზე მეტია, მიმდინარეობს სახანძრო ავიაციისა და ავტოპარკის ყველაზე მასშტაბური განახლება ქვეყნის ისტორიაში.
2024 წლიდან ფართოდ გამოიყენება თერმული კამერებით აღჭურვილი დრონებიც, რომლებიც ხანძრის კერებს ღამის საათებშიც აფიქსირებენ. 2026 წლისთვის მათი ბაზების რაოდენობა 45-დან 110-მდე გაიზარდა, ხოლო 47 მობილური დრონი უშუალოდ ხანძრის კერებზე ოპერირებს და რეალურ დროში აწვდის ინფორმაციას ოპერაციების მართვის ცენტრს.
უახლოეს პერიოდში სახანძრო სამსახური ასევე მიიღებს სამ Diamond DA62 MPP-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავს, რომლებიც თანამედროვე ოპტიკური და თერმული სისტემებითაა აღჭურვილი. ისინი რეალურ დროში გადასცემენ ფოტო და ვიდეომასალას ოპერაციების ცენტრებს, რაც ხანძრების მონიტორინგსა და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის.
