ბერძენი მუსიკოსი, რომელიც თავის ტვინის ოპერაციის დროს ბუზუკის უკრავდა
დიმიტრი კირცოსი ბუზუკის ვირტუოზი შემსრულებელია, რომელიც არასოდეს იშორებს გვერდიდან თავის საყვარელ ინსტრუმენტს, ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტებშიც კი.
დაახლოებით ოთხი წლის წინ 38 წლის მუსიკოსს თავის ტვინში სიმსივნე აღმოაჩნდა, რის შემდეგაც სასწრაფოდ ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო სიმსივნის მოსაშორებლად .
დიმიტრიმ თან წაიღო თავისი ბუზუკი და ჰკითხა ექიმებს, შეეძლო თუ არა დაკვრა თავის საყვარელ და ბერძენთა უმეტესობის ფავორიტ ინსტრუმენტზე ოპერაციის მსვლელობის დროს.
„ინტერნეტში მქონდა ნანახი ვიდეოები საზღვარგარეთ ჩატარებული ოპერაციებიდან, სადაც ოპერაცია ასე კეთდება. მე ვნახე მამაკაცი, რომელიც ოპერაციას იკეთებდა და პარალელურად გიტარაზე უკრავდა, მეორე კი ასევე ოპერაციის დროს ვიოლინოზე უკრავდა და ვიფიქრე, „რატომაც არა მეც?”- ამბობს ის.
”მე ვკითხე ჩემს ექიმებს, შემეძლო თუ არა ჩემი ბუზუკის დაკვრა საოპერაციო ოთახში პროცედურის დროს, მაგრამ მათ მითხრეს, რომ ეს შეუძლებელი იყო იმ დროს,” – თქვა მან.
თუმცა, ორი წლის შემდეგ, სიმსივნის ხელახლა გამოჩენამ იგი იმავე საავადმყოფოს საოპერაციო დარბაზში მიიყვანა.
ყველა საჭირო პროცედურის ორგანიზების შემდეგ მან ითხოვა, რომ ამჯერად საოპერაციოში მარტო არ შესულიყო, არამედ საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტის თანხლებით, რაზეც ექიმებისგან ამჯერად თანხმობა მიიღო.
საოპერაციო ოთახში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ დიმიტრი კირცოსი საოპერაციო მაგიდაზე ბუზუკის უკრავს, ხოლო რთული და ხანგრძლივი ოპერაციის ყველა დეტალი მის უკან მონიტორზე აისახება.
ცნობილმა და გამოცდილმა ქირურგებმა ოპერაცია მუსიკის თანხლებით შეასრულეს. პირველი სიმღერა, რომელიც დიმიტრიმ დაუკრა იყო “Mavromata mou”, რომელიც მან მეუღლეს მიუძღვნა.
“ნეიროქირურგიული ოპერაციის დროს პაციენტსა და ექიმებს შორის კომუნიკაციის პრაქტიკა არის ის, რაც სულ მცირე, 14 წელია დანერგილია საავადმყოფოში“, – განუცხადა ნეიროქირურგმა მაკედონიის საინფორმაციო სააგენტოს.
ნიკოლაოს ფოროღლუმ, თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის სამედიცინო კათედრის ნეიროქირურგიის ასოცირებულმა პროფესორმა, რომელმაც მუსიკოსს ოპერაცია გაუკეთა, განაცხადა:
„ეს არის ტექნიკა, რომელიც უზრუნველყოფს თავის ტვინის სიმსივნეების მაქსიმალურ გამოვლენას მისი აუცილებელი ფუნქციების შენარჩუნებისას”.
მუსიკოსის შემთხვევაში ექიმებმა შეძლეს მისი ტვინის ფუნქციონირების შესახებ ინფორმაციის მიღება, გარდა ამისა ის პასუხობდა ოპერაციის მიმდინარეობისას დასმულ კითხვებს.
ასევე, პაციენტის მიერ მუსიკის შესრულება და მისი საუბრის მოსმენა ოპერაციის მსვლელობისას ქირურგთა ჯგუფისთვის იყო საუკეთესო მტკიცებულება იმისა, რომ პაციენტის ტვინში ყველაფერი კარგად მიდიოდა.
