ბერძენმა კათოლიკებმა წმინდა ფრანცისკე ასიზელის ხსენების დღე აღნიშნეს
ბერძენმა კათოლიკებმა წმინდა ფრანცისკე ასიზელის ხსენების დღე აღნიშნეს
წმინდა ანარღირონის ქუჩაზე, წმინდა ფრანცისკეს რაძარში ბერძენმა კათოლიკოსებმა 4 ოქტომბერს წმინდანის ხსენების დღე აღნიშნეს.
ფრანცისკე ასიზელი დაიბადა იტალიის ქალაქ ასიზიში. მისი მამა პიეტრო ბერნარდონე, მდიდარი ასიზელი ქსოვილების ვაჭარი, ხოლო დედა, რომლის შესახებაც ცნობები მწირია, სავარაუდოდ პროვანსელი დიდგვაროვნების ოჯახიდან იყო. ფრანცისკეს ნათლობისას დაარქვეს ჯოვანი — სახელი, რომელიც მამამისმა მოგვიანებით შეუცვალა და დაარქვა ფრანცისკე, საფრანგეთში მისი საქმიანობის აღსანიშნავად.
თავდაპირველი განათლება ფრანცისკემ მიიღო ასიზელი მღვდლებისაგან, თუმცა სავარაუდოდ ის ასევე იღებდა განათლებას ტრუბადურების სკოლაში. ფრანცისკე არ იჩენდა დიდ დაინტერესებას არც სწავლის და მიუხედავად მამის საქმიანობისა, არც სავაჭრო საქმის მიმართ. მას უდარდელი და ყოველმხრივ უზრუნველყოფილი ბავშვობა ჰქონდა. კარგად ჩაცმული, სიმპათიური, მხიარული, ხელგაშლილი, გალანტური და ზრდილობიანი ფრანცისკე მალევე გახდა ახალგაზრდა ასიზელი დიდგვაროვნების ფავორიტი.
20 წლის ასაკში, ფრანცისკე, თანაქალაქელებთან ერთად მონაწილეობდა ბრძოლაში პერუჯელებთან სადაც ასიზელები დამარცხდნენ და ფრანცისკემ წელიწადზე მეტი პერუჯაში ტყვეობაში გაატარა. ტყვეობიდან გათავისუფლებული კვლავ უზრუნველ ცხოვრებას დაუბრუნდა და მოგვიანებით სამხედრო კარიერის გაკეთება გადაწყვიტა. ამ პერიოდში ფრანცისკემ ორჯერ გადაიტანა მძიმე დაავადება, რომელმაც მის სულიერ ცვლილებას შეუწყო ხელი. 1205 წელს წავიდა პოლიაში ჯარში ჩასაწერად, თუმცა უცნაურმა სიზმარმა იგი ასიზში დააბრუნა.
ამის შემდეგ ფრანცისკე თავს არიდებს ძველ მეგობრებს და დროს ძირითადად მარტო, ლოცვაში ატარებს. შემდეგ იწყებს კეთროვნების მოვლას ასიზის ლაზარეთებში. რომში მოგზაურობის შემდეგ, სადაც ის ტაძრის კარებთან ღარიბთათვის ლოცულობდა, ჰქონდა მისტიური ხილვა იესო ქრისტესი, სადაც ჯვარცმის ხატი თხოვდა დახმარებას აღედგინა მისი სახლი, რომელიც ინგრეოდა. ფრანცისკემ ჩათვალა, რომ ეს იყო ის ტაძარი სადაც ის ლოცულობდა და მამის ქსოვილების გაყიდვით დაეხმარა მღვდელს ტაძრის აღდგენაში.
პიეტრო, მამამისი, ცდილობდა ფრანცისკეს ახალი ცხოვრების შეცვლას, ჯერ მუქარით, შემდეგ ცემით. ფრანცისკემ უარყო მამა და მთელი ქონება, საკუთარი ტანისამოსის ჩათვლით მას დაუტოვა, რის შემდეგაც რამდენიმე თვე ასიზის მიდამოებში მათხოვრობდა.
ცხოველთა საერთაშორისო დღის (World Animal Day) აღნიშვნა გადაწყდა 1931 წელს, ეკოლოგების კრებაზე ფლორენციაში. 4 ოქტომბერი შეირჩა ცხოველთა საერთაშორისო დღის თარიღად იმ ნიშნით, რომ ეს არის ცხოველთა მფარველი კათოლიკე წმინდანის ფრანცისკე ასიზელის გარდაცვალების დღე.
