დავიწყებული ბავშვის სინდრომი- რატომ ავიწყდება მშობელს შვილი ავტომანქანაში
არტაში მომხდარი გამაოგნებელი ტრაგედიის შემდეგ პირველი კითხვა, რომელიც გაუჩნდა ყველა ჩვენგანს, როგორ არის შესაძლებელი ბავშვის მანქანაში დატოვება ისეთ პირობებში, რამაც შეიძლება ძალიან სწრაფად გამოიწვიოს თუნდაც სრულწლოვანის სიკვდილი? შეიძლება დავივიწყოთ ქურთუკი, საფულე, მობილური ტელეფონი, ან დაგვავიწყდეს გადასახადის დროულად გადახდა – მაგრამ ბავშვი მანქანაში?
ფაქტები მეტყველებს, რომ ტვინს შეუძლია გარკვეულ პირობებში აჩვენოს მეხსიერების ხარვეზები , რომლებიც ზოგჯერ ფატალურ შედეგებს იწვევს.
დავიწყებული ბავშვის სინდრომი არის ფაქტობრივი მდგომარეობა, რომელიც ხდება თითქმის ყოველ 10 დღეში აშშ-ში.
ქვეყანაში, ბოლო 25 წლის განმავლობაში, 900-ზე მეტი ბავშვი, ჩვილობიდან 14 წლამდე, გარდაიცვალა მანქანაში სიცხისგან.
გარდაცვალების 88% დაფიქსირდა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში – სითბური ინსულტი უფრო სერიოზული რისკია ბავშვებისთვის, რადგან ბავშვის სხეული სამიდან ხუთჯერ უფრო სწრაფად თბება, ვიდრე ზრდასრულის.
სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა დევიდ დაიმონდმა , რომელიც სპეციალიზირებულია კოგნიტურ ნეირომეცნიერებაში, შეისწავლა ეს საკითხი და ყურადღება გაამახვილა სტრესზე, რომელსაც მშობლები აწყდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში .
ყოველდღიურმა ცხოვრებისეულმა სტრესმა რომელსაც ჩვენ ყველა განვიცდით, შეიძლება გამოიწვიოს მეხსიერების ხარვეზები.
რომ აღარაფერი ვთქვათ მშობლებზე, რომლებმაც უნდა იზრუნონ – უპირველეს ყოვლისა ბავშვის აღზრდაზე.
2014 წელს აშშ-ში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ 3 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლების დაახლოებით 25%-ს რაღაც მომენტში დაავიწყდა, რომ მათი შვილი მათთან ერთად იყო მანქანაში.
გამოკითხვაში მონაწილეობდა განსხვავებული განათლების დონის და ეკონომიკური მდგომარეობის მქონე, ახალგაზრდა თუ საშუალო ასაკის ადამიანი, რომელთაც არ აღენიშნებოდათ რაიმე დარღვევა გონებრივ ან კოგნიტურ ფუნქციებში.
სტრესით გამოწვეულ დარტყმას მეხსიერებაში, ემატება სტრესი ყოველდღიური რუტინის გამო, რამაც საბოლოო ჯამში შეიძლება მეხსიერების მომენტალური ჩავარდნები გამოიწვიოს.
პროფესორი განმარტავს, რომ ჩვენი მეხსიერების ერთი გარკვეული ნაწილი გვეხმარება გავიხსენოთ მომავალში რაღაცის გაკეთება, ხოლო მეორე, სემანტიკური ნაწილი გარკვეულწილად ჩვენი ავტოპილოტია.
ეს ორი ნაწილი ერთად გვეხმარება ცვლილებების შეტანაში ჩვენს რუტინაში, როგორიცაა “ბავშვის საბავშვო ბაღში წაყვანა”.
ისინი ქმნიან ასე ვთქვათ, სამუშაო მეხსიერებას, მოკლევადიანი მეხსიერების ნაწილს, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს ტვინს შეინარჩუნოს ინფორმაცია მოკლე დროში, პარალელურად სხვა რაღაცის კეთებისას.
როდესაც სამუშაო მეხსიერება არ ფუნქციონირებს ეფექტურად, მაგალითად იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვიმყოფებით მუდმივი სტრესის ქვეშ, შედეგები შეიძლება იყოს სავალალო.
ამით აიხსნება ფაქტი, თუ რატომ უშვებენ მსგავს საბედისწერო შეცდომებს გამოცდილი პროფესიონალებიც კი.
ისეთი მყისიერი ცვლილება ყოველდღიურ რუტინაში, როგორიც არის მაგალითად, ბავშვის მიყვანა ბაღში მამის მიერ დედის ნაცვლად, არის მივიწყებული ბავშვების მრავალი ტრაგედიის მიზეზი.
თუ არ არსებობს რაიმე გარეგანი მინიშნება მანქანაში ბავშვის არსებობაზე, როგორიცაა მაგალითად საფენების ჩანთის დანახვა ან ბავშვის ხმის გაგონება, მშობლის ტვინი რჩება ავტოპილოტზე.
რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ის ფაქტიც, როდესაც ბავშვების მანქანის სავარძლები ზურგით მძღოლისკენ არის მოთავსებული და მშობლები ვერ ხედავენ მათ.
იმის გაცნობიერების მიღმა, რომ ასეთი სახის ხარვეზები შეიძლება ნებისმიერს დაემართოს, მათი თავიდან აცილების ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს ჩვევის ნიმუშის როგორმე გაუქმება, თუ ბავშვის ნივთებს ჩანთის გვერდით დავდებთ, მათი დანახვა საკმარისი იქნება გამოფხიზლებისთვის
კონკრეტულად იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც მაღალი ტემპერატურის პირობებში ავტომანქანაში ჩაკეტილი აღმოვჩნდებით.
სპეციალურად ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ იმ დროს, როდესაც გარე ტემპერატურა 32 გრადუსს აღწევდა, ჩაკეტილ მანქანაში სულ რამდენიმე წუთში შიდა ტემპერატურა დაახლოებით 50 გრადუსს მიუახლოვდა, 10 წუთში კი 70 გრადუსს აღწევდა.
სითბური დარტყმის შემთხვევაში დაზარალებულის სხეულის ტემპერატურა 41 გრადუს ცელსიუსს აღემატება, მას სწრაფად უვითარდება შოკური მდგომარეობა, მისი მიოკარდიუმი განიცდის მყისიერ თერმულ დაზიანებას, რაც იმას ნიშნავს, რომ იწყება არითმია და გული ვერ აწვდის ორგანიზმს საჭირო ოდენობის სისხლს.
თითქმის მაშინვე იწყება ტვინის ქსოვილების დაზიანება (სისხლის ნაკადის შემცირების გამო) რასაც თან ახლავს კუნთების ტკივილი, სისხლძარღვთა სპაზმი და ა.შ. რაც სულ მოკლე დროში სიკვდილით მთავრდება.
დღეისათვის დავიწყებული ბავშვის სინდრომის სამეცნიერო კვლევა ძალიან შეზღუდულია, რადგან ის ყურადღებას ამახვილებს იმ პირობებზე, რომლებიც იწვევს ბავშვების სიკვდილს და ნაკლებად იმ გარემოებებზე, რამაც მშობლები საბედისწერო შეცდომამდე მიიყვანა.
მაგრამ სტატისტიკა მოწმობს, ეს ის საბედისწერო შეცდომაა რომელიც ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.
