ვოლოსი: ალბანელ მამაკაცს ცოლი მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ორი წელი ჩაკეტილი ჰყავდა და მასზე ყოველდღიურად ძალადობდა
ვოლოსში 28 წლის ალბანეთის მოქალაქეს მისი 22 წლის ცოლი მათ ორწლინახევრის შვილთან ერთად მთელი ორი წლის განმავლობაში სახლში ჩაკეტილი ჰყავდა და ქალზე ყოველდღიურად ძალადობდა.
როგორც მედია იტყობინება, კოშმარი, რომელიც გოგონამ განიცადა, გამოვლინდა ხუთშაბათს, 21/9 საღამოს, როდესაც მეზობლებმა გაიგონეს მისი ყვირილი სახლიდან და დასახმარებლად გაიქცნენ. როდესაც ისინი დაჟინებით აკაკუნებდნენ კარზე, 28 წლის ახალგაზრდამ ის გააღო და გაქცევა სცადა. მაცხოვრებლებმა ის დაიჭირეს, შემთხვევის ადგილზე კი პოლიცია გამოიძახეს რასაც მისი დაკავება მოჰყვა.
როგორც გაირკვა, იმ ღამეს 28 წლის ახალგაზრდამ, მორიგი ძალადობის მორიგ, ახალგაზრდა ქალს ყელში ხელი წაუჭირა და მისი დახრჩობა სცადა. შემდგომი დათვალიერებით ქალს მართლაც აღენიშნებოდა დახრჩობის ნიშნები.
შემზარავ ჩვენებაში 22 წლის ქალი ამბობს, რომ მამაკაცი მას ყოველდღე სცემდა, ორჯერ კი ის იმაზე გაცილებით უარეს მდგომარეობაში დატოვა, ვიდრე ბოლოს აღმოჩნდა.
წყვილი ალბანეთში დაქორწინდა როდესაც გოგონა სულ რაღაც 18 წლის იყო მისი ოჯახის მიერ იძულებით მოწყობილი ქორწინებით და დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ მათ შეეძინათ შვილი. ორი წლის წინ, 2021 წელს, 28 წლის ახალგაზრდა ქალთან და პატარასთან ერთად საბერძნეთში, ვოლოსის მახლობლად მდებარე რაიონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ის მშენებლად მუშაობს.
დაიწყო პატიმრობისა და ძალადობის ექსტრემალური ისტორია, რომელიც მთელი ორი წელი გაგრძელდა. მამაკაცმა ცოლი და ბავშვი სახლში ჩაკეტა და გარესამყაროსგან სრულ იზოლაციაში მოაქცია ბავშვი ექიმთანაც კი არასოდეს ყოფილა.
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ქალაქში ნაცნობიც კი არავინ ჰყავდა, სრულიად მარტო დარჩა. მან არ იცოდა ბერძნული რადგან 28 წლის მამაკაცი არავისთან დაკავშირების საშუალებას არ აძლევდა. პატიმრობის ორი წლის განმავლობაში, ბოლო ხუთ თვეში მას მზის შუქიც კი არ უნახავს, რადგან სახლის ეზოში გასვლაც კი ეკრძალებოდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი სახლი ციხედ და წამების ადგილად იყო ქცეული. ქმარი ყოველდღიურად აშანტაჟებდა და ემუქრებოდა ქალს, რომ წავიდოდა ალბანეთში მისი მშობლების მოსაკლავად, თუ ის ოჯახს გაუმხელდა ყველაფერს ან ეცდებოდა მისგან გაქცევას.
კოშმარი მაშინ დასრულდა, როცა მამაკაცის დაკავების შემდეგ ძალადობის მსხვერპლი შვილთან ერთად დაცულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
28 წლის ალბანელი პატიმრობაში იმყოფება, ხოლო ჩადენილ დანაშაულზე საკმაოდ მძიმე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრება.
