იოანნის კაპოდისტრიას მკვლელობიდან 195 წელი გავიდა
იოანნის კაპოდისტრიას მკვლელობიდან 195 წელი გავიდა
სალონიკში საბერძნეთის პირველი მმართველის, იოანნის კაპოდისტრიასის ხსოვნას პატივი მიაგეს. მისი მკვლელობიდან 195 წელი გავიდა. ქალაქში, სასამართლოების მოედანზე, ეგნატიასა და ხალკეონის ქუჩების კვეთაზე, მისი ბიუსტი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ბიუსტის ავტორია მოქანდაკე ღეორღიოს კიკოტისი. ბრინჯაოს ბიუსტი თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზეა განთავსებული და მისი საერთო სიმაღლე 2,20 მეტრს შეადგენს.
სალონიკის მერმა სტელიოს ანღელუდისმა აღნიშნა, რომ იოანნის კაპოდისტრიასი იყო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ახალი ბერძნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. მისი თქმით, ძეგლი ქალაქის ისტორიული მეხსიერების კიდევ ერთ სიმბოლოდ იქცევა და მომავალი თაობებისთვის კაპოდისტრიასის საქმიანობასა და ქვეყნისადმი მის თავდადებას გაახსენებს.
სალონიკის მიტროპოლიტმა ფილოთეოსმა ყურადღება გაამახვილა იმ შიდა დაპირისპირებებსა და განხეთქილებებზე, რომლებიც საბერძნეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პირველ წლებში არსებობდა. მისი თქმით, კაპოდისტრიასის ისტორია მნიშვნელოვან გაკვეთილს გვიტოვებს. პირველი მმართველი უცხო ძალის წინააღმდეგ, რომელიც სამწუხაროდ ბერძნების ხელით მოკლეს.
კერკირას კავშირის პრეზიდენტმა ლეფტერის კავადიასმა განაცხადა, რომ ბიუსტი მხოლოდ ხელოვნების ნიმუში არ არის და ის სალონიკსა და კერკირას შორის ისტორიული კავშირის სიმბოლოს წარმოადგენს.
ბიუსტის შიგნით, გულ-მკერდის არეში, კერკირადან ჩამოტანილი წმინდა რელიკვიები, კაპოდისტრიასის მშობლიური სახლიდან აღებული მიწა, პლატიტერას მონასტრიდან ნაკურთხი წყალი და ღვთისმშობლისა და კერკირას მფარველი წმინდა სპირიდონის ხატები მოათავსეს.
საზეიმო ღონისძიებას მუსიკალურად და ქორეოგრაფიულად აფორმებდა სალონიკის მუნიციპალიტეტის ფილარმონიული ორკესტრი, იონიის გუნდი და იონიის ცეკვის აკადემია.
