კერამეოსი: „Pizza Fan“-ის თანამშრომლებს ოქტომბრის კუთვნილი ხელფასები სრულად ერიცხებათ
კერამეოსი: „Pizza Fan“-ის თანამშრომლებს ოქტომბრის კუთვნილი ხელფასები სრულად ერიცხებათ
საბერძნეთის შრომის მინისტრმა ნიკი კერამეოსმა დაადასტურა, რომ პიცების ქსელ „Pizza Fan“-ის დაახლოებით 500 თანამშრომელს ხელფასები სრულად დაერიცხება და მათი სოციალური დაზღვევის შენატანებიც დაიფარება.
მინისტრის განცხადებით, თანამშრომლებისთვის ხელფასებისა და სადაზღვევო შენატანების გადახდა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, ხოლო დღეს დასრულდა ოქტომბრის ხელფასების ჩარიცხვა, მათ შორის კომპანიის სათავო (მშობელი) ოფისის თანამშრომლებისთვისაც.
კერამეოსის თქმით, სამინისტრო თანამშრომლებთან მუდმივ კონტაქტზეა, რადგან მთავარი პრიორიტეტი მათი უფლებების დაცვა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა. თუმცა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, გაგრძელდება თუ არა ხელფასების გადახდა მომავალშიც „Pizza Fan“-ისა და „Χωριάτικο“-ს ქსელებში. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება კომპანიების ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. ამასთან, ბიზნესსაქმიანობის შეჩერების შესახებ ოფიციალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
დასაქმებულთა მომავლის საკითხზე სამშაბათს, შრომის სამინისტროში სამმხრივი შეხვედრაა დაგეგმილი, რომელშიც კომპანიის წარმომადგენლები და თანამშრომლები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრის მთავარი თემა სამუშაო ადგილების შენარჩუნება იქნება.
შეხვედრის პარალელურად, 14:00 საათზე, კვების სფეროს პროფკავშირი სამინისტროს შენობასთან საპროტესტო შეკრებას გამართავს და სექტორის დასაქმებულთა მოთხოვნებს გააჟღერებს.
