კვიპროსი 2028 წლიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს დაიწყებს
კვიპროსი 2028 წლიდან ბუნებრივი აირის ექსპორტს დაიწყებს
იტალიურმა ენერგეტიკულმა კომპანიამ Eni-მ მიიღო საინვესტიციო გადაწყვეტილება კვიპროსის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მდებარე „კრონოსის“ (Cronos) გაზის საბადოს განვითარების შესახებ. პროექტში, თანაბარი (50%-50%) მონაწილეობით, ჩართულია ასევე ფრანგული კომპანია TotalEnergies. პირველი კომერციული ექსპორტი 2028 წელს იგეგმება.
„კრონოსი“ კვიპროსის პირველი ბუნებრივი აირის საბადოა. მისი მარაგი დაახლოებით 3,1 ტრილიონ კუბურ ფუტად არის შეფასებული, ხოლო დღიური წარმოება 500 მილიონ კუბურ ფუტს აღწევს.
ბუნებრივი აირი ზღვისქვეშა მილსადენით ეგვიპტის „ზოჰრის“ (Zohr) საბადოს ინფრასტრუქტურას დაუკავშირდება, სადაც დამუშავების შემდეგ თხევად ბუნებრივ აირად (LNG) გარდაიქმნება. შემდგომ LNG საერთაშორისო ბაზრებზე, ძირითადად ევროპაში, გაიგზავნება.
პროექტის განხორციელება კვიპროსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან ქვეყანა პირველად გახდება ბუნებრივი აირის მწარმოებელი და ექსპორტიორი. ამასთან, პროექტი ხელს შეუწყობს ევროპის ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.
„კრონოსის“ საბადო 2022 წელს აღმოაჩინეს, ხოლო ყველა აუცილებელი სამთავრობო და კომერციული შეთანხმების დასრულების შემდეგ მისი განვითარების ოფიციალური ეტაპი უკვე დაწყებულია.
