ლიმასოლში პოლიცია სპეც.ოპერაციას ატარებს, რათა უცხოელ კურიერებზე თავდამსხმელები გამოავლოს
ლიმასოლში პოლიცია სპეც.ოპერაციას ატარებს, რათა უცხოელ კურიერებზე თავდამსხმელები გამოავლოს
კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში უცხოელ კურიერებზე გახშირებული თავდასხმების გამო პოლიციამ სპეციალური ოპერაცია დაიწყო. სამართალდამცველები სამოქალაქო ტანსაცმელში, კურიერების მსგავსად აღჭურვილი მოტოციკლებით გადაადგილდებიან, რათა თავდამსხმელები გამოავლინონ და დააკავონ.
თავდასხმების დროს ძირითადად მარტო მომუშავე უცხოელ კურიერებს ესხმიან თავს, სცემენ და ართმევენ ფულს, მობილურ ტელეფონებსა და მოტოციკლებს. ბოლო შემთხვევის დროს 22 წლის კურიერი დაშავდა. დაშავებულს ცხვირის მოტეხილობა და თავის ტრავმა აღენიშნებოდა.
პოლიციის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ექვს თვეში კვიპროსში კურიერებზე თავდასხმის 24 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 13 ლიმასოლში. ამ პერიოდში 14 პირი დააკავეს.
გამოძიების ყურადღების ცენტრში ახალგაზრდების ჯგუფებიც მოექცნენ. ცალკეულ შემთხვევებში თავდამსხმელები ხელკეტებსა და ქვებს იყენებდნენ. პოლიციამ სექტემბერსა და ოქტომბერში რამდენიმე პირი დააკავა, მათ შორის არასრულწლოვნებიც. ამასთან, სამართალდამცველები იკვლევენ უკავშირდება თუ არა სხვადასხვა თავდასხმა ერთსა და იმავე ჯგუფებს.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის პირველადი შეფასებით, თავდასხმების ძირითადი მოტივი ძარცვაა, უცხოელი კურიერები ეროვნებისა და კანის ფერის გამო შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებზეც საუბრობენ. ჯერჯერობით ყველა შემთხვევის რასისტული მოტივი დადასტურებული არ არის.
უსაფრთხოების გასაძლიერებლად ლიმასოლის პოლიცია აძლიერებს პატრულირებასა და მიზნობრივ შემოწმებებს. კვიპროსის იუსტიციის მინისტრმა კი საკვების მიტანის კომპანიებს სპეციალური საგანგებო ღილაკის დანერგვა შესთავაზა, რომლის საშუალებითაც კურიერები საფრთხის შემთხვევაში პოლიციას დაუყოვნებლივ შეატყობინებენ.
