რატომ ირჩევენ ჰოლივუდის ვარსკვლავები დასასვენებლად ანტიპაროსს
მართალია კუნძული ანტიპაროსი მომხიბვლელობით შეიძლება ჩამოუვარდებოდეს საბერძნეთის ისეთ სახელგანთქმულ კუნძულებს, როგორიც არის მიკონოსი ან სანტორინი, მაგრამ ის მაინც იზიდავს ჰოლივუდის ვარსკვლავებს და ცნობილ ადამიანებს ყოველ ზაფხულს.
ბევრი ბერძენი და უცხოელი ვიზიტორებისთვის ანტიპაროსი არის ციკლადების ერთ-ერთი ყველაზე დაცული კუნძული, ფარული ძვირფასი ქვა, რომელიც იზიდავს ათასობით ერთგულ მოგზაურს ყოველ ზაფხულს და ნავით მხოლოდ ნახევარი საათის მანძილზეა მის “მშობელ” კუნძულ პაროსიდან.
ანტიპაროსით მოხიბლულ ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის არის ტომ ჰენკსი , რომელსაც ისე უყვარს კუნძული, რომ იქ ბერძენი წარმოშობის მეუღლესთან, რიტა უილსონთან ერთად საზაფხულო სახლი იყიდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი კარგად იცნობს ულამაზეს კუნძულს და თითქმის ყოველ ზაფხულს სტუმრობს მას.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კუნძულს ჰოლივუდის კორიფეები, ნია ვარდალოსი, ვუპი გოლდბერგი და მეთიუ მაკკონაჰი ეწვივნენ.
2021 წელს ჯეფ ბეზოსმა , როდესაც ეგეოსის ზღვაში მოგზაურობდა მდიდრული იახტით, ანტიპაროსზე ივახშმა ტომ ჰენკსთან, ანდერსონ კუპერთან და საბერძნეთის პრემიერ მინისტრ, კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად. ვახშამს მილიარდერი ბიზნესმენი ბარი დილერი და მისი მეუღლე, მოდის დიზაინერი დაიან ფონ ფურსტენბერგი უძღვებოდნენ.
გასულ წელს ევა მენდესი, რაიან გოსლინგი და მათი ორი ქალიშვილი კოსმოპოლიტურ კუნძულზე სეირნობისას დააფიქსირეს.
მაგრამ ანტიპაროსი არ არის კუნძული მხოლოდ მდიდარი და ცნობილი ადამიანებისთვის,ის იდეალურია მშვიდ, ოჯახურ გარემოში დასვენებისთვისაც.
მთავარი დასახლება მდებარეობს კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მთავარ კუნძულ პაროსზე, სადაც ბორანი მიემართება ანტიპაროსის ნავსადგურისკენ.
ანტიპაროსის ჰორა (ქალაქი) აშენდა მე-15 საუკუნის ვენეციური ციხის გარშემო. ქვით მოპირკეთებული ქუჩები, ქვითკირის ხეივნები, მდიდრული ვარდისფერი და მეწამული ბუგენვილიებით მორთული სახლები და ცენტრალური მოედანი თავისი ჩრდილოვანი ევკალიპტის ხეებით, მომხიბვლელ ატმოსფეროს ქმნის.
დაახლოებით 1440 წელს აშენებული ვენეციური ციხისგან ბევრი არაფერია შემორჩენილი, დგას მხოლოდ წრიული კოშკის ნაშთი.
ანტიპაროსში ყოფნისას შოპინგის მოყვარულთათვის ბევრი საინტერესო მაღაზიაა. აქ შეგიძლიათ იპოვოთ უნიკალური მოდური ტანსაცმელი, აქსესუარები, საჩუქრები და ალტერნატიული სუვენირები.
აქვე არის ანტიპაროსის შთამბეჭდავი მღვიმე, ღირსშესანიშნაობა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. სულ 411 ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რათა გამოქვაბულის გულში მოხვდეთ და წარსულში სტუმრების მიერ დასახიჩრებულ წარმოუდგენელ სტალაქტიტებსა და სტალაგმიტებს შეხედოთ.
ეს მღვიმე, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 177 მეტრზე მდებარეობს, საერთაშორისო მასშტაბით არის ცნობილი და ითვლება საბერძნეთის უძველეს გამოქვაბულად , რომელიც დაახლოებით 45 მილიონი წლით თარიღდება.
ანტიპაროსზე ყოფნისას აუცილებელია ცურვა და დაივინგი, რადგან ფირუზისფერი წყლები და ვულკანური წარმონაქმნები, რომლებმაც შექმნეს ყურეები და გამოქვაბულები, სადაც შესაძლებელია ბანაობა ან წყალქვეშ ცურვა,კიდევ ერთ დასამახსოვრებელ გამოცდილებას შემატებს მთელს მოგზაურობას.
რომანტიკოსებისთვის ან ბუნების მოყვარული ვიზიტორებისთვის სიფნეიკოს სანაპიროზე მზის ჩასვლის ყურება კი უკვე ტრადიციაა.
გლიფას პლაჟი, რომელიც მდებარეობს ანტიპაროსის ცეტრიდან 3,5 კმ-ის დაშორებით, იდეალურია ოჯახებისთვის და ბავშვებისთვის ქვიშაში სათამაშოდ და საფირონისფერ წყლებში საბანაოდ.
ახალგაზრდებისთვის ანტიპაროსს აქვს საბერძნეთში ერთ-ერთი ლეგენდარული ღია ცის ქვეშ დისკოთეკა, შემორჩენილი 1970-იანი წლებიდან. ეს არის ბოლო დისკოთეკა ეგეოსის ზღვაში და ერთ-ერთი უკანასკნელი საბერძნეთში, ამიტომ დასვენების დროს კუნძულზე სტუმრობისას ერთხელ მაინც აუცილებელია იქ კლასიკური როკ მელოდიის ჰანგებზე ცეკვა.
