როდის განახლდება მეტროს მე-4 ხაზზე სამუშაოები – კიფსელის მაცხოვრებლები უსაფრთხოების გარანტიას ითხოვენ
როდის განახლდება მეტროს მე-4 ხაზზე სამუშაოები – კიფსელის მაცხოვრებლები უსაფრთხოების გარანტიას ითხოვენ
ათენში, კიფსელზე მეტროს მე-4 ხაზის მშენებლობისთვის გამოყენებული გვირაბგამყვანი მანქანის მუშაობის განახლება განუსაზღვრელი დროით გადაიდო. მიზეზი ტერიტორიაზე დაფიქსირებული ნიადაგის ჩაჯდომა და რამდენიმე შენობაში აღმოჩენილი დაზიანებებია, რის გამოც დამატებითი ტექნიკური შემოწმებები და გამაგრებითი სამუშაოებია საჭირო.
TBM-ის მუშაობა მაისის დასაწყისიდან შეჩერებულია. სპეციალისტები ამჟამად სწავლობენ შენობებზე წარმოქმნილ ბზარებსა და სხვა დაზიანებებს. მოსალოდნელია, რომ საბერძნეთის ტექნიკური პალატის ექსპერტების დასკვნები უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. სწორედ მათი რეკომენდაციები განსაზღვრავს, რა სამუშაოები იქნება საჭირო და როდის შეძლებს გვირაბგამყვანი მანქანა მუშაობის გაგრძელებას.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს მაცხოვრებლების დროებითი გადაადგილების შესაძლებლობაც. მოსახლეობის წარმომადგენლის, ალექსანდროს კუტრულარისის განცხადებით, რამდენიმე მრავალბინიან კორპუსს დაუყოვნებლივი გამაგრება ესაჭიროება. მისი თქმით, განიხილება შენობებიდან მაცხოვრებლების 10-15 დღით გადაყვანა, იმ პერიოდში, როდესაც გამაგრებული შენობების ქვეშ გვირაბგამყვანი მანქანა გაივლის.
მოსახლეობის დროებითი გადაყვანა ამ ეტაპზე ევაკუაციის ოფიციალურ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს და პრევენციულ ზომად განიხილება.
მეტროს მე-4 ხაზის დასრულების ოფიციალური ვადამ უკვე 2032 წლამდე გადაიწია, ხოლო TBM-ის ხუთთვიანი გაჩერება პროექტის ვადებთან დაკავშირებით დამატებით გაურკვევლობას ქმნის. კიფსელის მაცხოვრებლები, პირველ რიგში, სამუშაოების გაგრძელებამდე შენობების უსაფრთხოების შესახებ მკაფიო გარანტიებს ითხოვენ.
