საბერძნეთის 6 რეგიონში შომადობამ 50%-ით იკლო
საბერძნეთის 6 რეგიონში შომადობამ 50%-ით იკლო
საბერძნეთი სერიოზული დემოგრაფიული ცვლილების წინაშე დგას. ბოლო ათწლეულებში ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა შობადობა, გაიზარდა მოსახლეობის საშუალო ასაკი და სიკვდილიანობა.
1979-1980 წლებში საბერძნეთში საშუალოდ დაახლოებით 148 ათასი ბავშვი იბადებოდა წელიწადში, მაშინ როცა 2024-2025 წლებში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 67 ათასამდე შემცირდა. ამავე პერიოდში ბავშვის გაჩენის საშუალო ასაკი 26,2 წლიდან 32,2 წლამდე გაიზარდა.
2009-2024 წლებში ქვეყანაში შობადობა მთლიანობაში 42%-ით შემცირდა. 117 440-დან 68 310 დაბადებამდე. განსაკუთრებით მკვეთრი კლება დაფიქსირდა ექვს რეგიონში: თესპროტიაში, ღრევენაში, ფთიოტიდაში, კოზანში, ევრიტანიასა და ფლორინაში, სადაც შობადობის შემცირების მაჩვენებელმა 50%-ს გადააჭარბა.
აღნიშნული მაჩვენებლის საპირისპიროდ, რამდენიმე კუნძულზე მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. კიკლადესის კუნძულებსა და ზაკინთოსზე შობადობის შემცირება 15%-ზე ნაკლები იყო. კიდევ უფრო საინტერესოა ის ფაქტი, რომ 74 რეგიონული ერთეულიდან მხოლოდ ხუთში: სანტორინზე (თირა), მიკონოსზე, კოსზე, ნაქსოსსა და რეთიმნოში დაბადებულთა რაოდენობამ გარდაცვლილთა რაოდენობას გადააჭარბა.
დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება სიკვდილიანობის ზრდის გამო. 2024 წელს ეროვნულ დონეზე ყოველ 100 დაბადებულზე დაახლოებით 184 სიკვდილი მოდიოდა, მაშინ როცა 2009 წელს ეს მაჩვენებელი 92 იყო. 2021-2025 წლებში კი გარდაცვლილთა რაოდენობამ დაბადებულთა რაოდენობას დაახლოებით 290 ათასით გადააჭარბა.
ექსპერტების შეფასებით, რეგიონებს შორის განსხვავებებს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: შობადობის განსხვავებული დონე, მოსახლეობის დაბერება და მიგრაციული პროცესები. რეგიონები, რომლებმაც ახალგაზრდა მოსახლეობის შენარჩუნება ან მოზიდვა შეძლეს, დემოგრაფიული შემცირებისგან შედარებით ნაკლებად დაზარალდნენ.
საბერძნეთის დემოგრაფიული სურათი ქვეყნის მასშტაბით ერთგვაროვანი არ არის. ზოგიერთი კუნძული მოსახლეობის შემცირების ტენდენციას შედარებით წარმატებით უპირისპირდება, მაშინ როცა ქვეყნის რამდენიმე კონტინენტურ რეგიონში დემოგრაფიული კლება განსაკუთრებით მკვეთრია.
