საბერძნეთი და ევროკავშირი მიგრაციული ნაკადების შემცირებისთვის ერთიან პოზიციას აყალიბებენ
საბერძნეთი და ევროკავშირი მიგრაციული ნაკადების შემცირებისთვის ერთიან პოზიციას აყალიბებენ
საბერძნეთის ემიგრაციის მინისტრი თანოს პლევრისი მის მოადგილესთან, სევი ვოლუდაკისთან ერთად დღეს კუნძულ კრეტას, კერძოდ ხანიას ესტუმრა, სადაც მიგრაციული ნაკადების მართვის საკითხები განიხილეს.
დელეგაციამ დაათვალიერა აღიაში მდებარე დროებითი განთავსების ცენტრი და შეხვედრა გამართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. განხილვის მთავარი თემები იყო იძულებით გადაადგილებული პირების სწრაფი რეგისტრაცია, იდენტიფიკაცია და მათი შემდგომი გადაყვანა ქვეყნის სხვა რეგიონებში.
მინისტრმა განაცხადა, რომ კრეტა არ უნდა გადაიქცეს ლიბია–კრეტის მუდმივ მიგრაციულ მარშრუტად. მისი თქმით, მთავრობის მიზანია არა მხოლოდ მიგრაციული ნაკადების ეფექტიანი მართვა, არამედ მათი შემცირებაც, რისთვისაც საბერძნეთი მჭიდროდ თანამშრომლობს ლიბიის ხელისუფლებასთან და ევროკავშირთან.
ევროკომისიის წარმომადგენელმა, რომელიც ემიგრაციის მინისტრთან ერთად ჩავიდა შეხვედრაზე, აღნიშნა, რომ ევროკავშირი აღიარებს საბერძნეთზე, განსაკუთრებით კი კრეტაზე, გაზრდილ მიგრაციულ ზეწოლას და სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქვეყანას. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის თანამშრომლობას ეგვიპტესა და ლიბიასთან, რათა შემცირდეს არალეგალური მიგრაცია და გაძლიერდეს დაბრუნების მექანიზმები.
მხარეებმა დაადასტურეს, რომ საბერძნეთი და ევროკავშირი ერთობლივად გააგრძელებენ მუშაობას როგორც მიგრაციული ნაკადების მართვის, ისე მათი შემცირების მიმართულებით.
