საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა
საბერძნეთი: 25 ნოემბერს საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა
საბერძნეთში, ოთხშაბათს, 25 ნოემბერს, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლები საყოველთაო გაფიცვას აცხადებენ. გაფიცვის მთავარი მოთხოვნებია ხელფასების ზრდა, გაძვირებული ცხოვრების პირობებში მოსახლეობის მხარდაჭერა და შრომითი პირობების გაუმჯობესება.
გაფიცვა მნიშვნელოვნად იმოქმედებს ტრანსპორტის მუშაობაზე, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე კუნძულებთან მიმოსვლის მიმართულებით.
საზღვაო სფეროს თანამშრომლების გაფიცვის გამო, 25 ნოემბერს საბერძნეთის პორტებიდან გემები არ გავლენ და ყველა რეისი გაუქმდება. მგზავრებს, რომლებსაც ამ დღეს მოგზაურობა აქვთ დაგეგმილი, ბილეთების შეცვლისა და რეისების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საზღვაო კომპანიებთან დაკავშირებას ურჩევენ.
ათენის მეტრო შეზღუდული გრაფიკით იმოძრავებს. მატარებლები მხოლოდ დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე მოემსახურებიან მგზავრებს.
ათენში გაფიცვის მონაწილეთა შეკრება 10:30 საათზე პროპილეას წინ გაიმართება, ხოლო სალონიკში იმავე დროს, ვენიზელოსის ძეგლთან.
გაფიცვის მონაწილეები მოითხოვენ ხელფასების ზრდას, ინფლაციისა და გაძვირების შედეგების შესამცირებლად ეფექტიანი ზომების მიღებას, შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და დასაქმებულთა უფლებების დაცვას.
მოსახლეობას, განსაკუთრებით კი მგზავრებს, ურჩევენ, წინასწარ დაგეგმონ გადაადგილება და გაითვალისწინონ ტრანსპორტის მუშაობაში მოსალოდნელი შეფერხებები.
