სანტორინზე გინესის რეკორდი დაამყარეს – 370 ადამიანმა ლომთევზა დააგემოვნა ხმელთაშუაზღვის დასაცავად
სანტორინზე გინესის რეკორდი დაამყარეს – 370 ადამიანმა ლომთევზა დააგემოვნა ხმელთაშუაზღვის დასაცავად
22 ოქტომბერს, სანტორინიზე, 370 ადამიანმა ლომთევზასგან მომზადებული კერძები დააგემოვნა.
ღონისძიება ეგეოსის უნივერსიტეტისა და ევროპული კვლევითი პროექტის GuardIAS-ის ინიციატივით ჩატარდა. მისი მიზანი ხმელთაშუაზღვაში ლომთევზას გავრცელების შეზღუდვა და ზღვის ეკოსისტემის დაცვაა.
ლომთევზა წითელი ზღვიდან სუეცის არხის გავლით გავრცელდა ხმელთაშუაზღვაში. ის მცირე ზომის თევზებითა და უხერხემლოებით იკვებება, საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ბიომრავალფეროვნებას და არღვევს ეკოლოგიურ წონასწორობას. ზღვის წყლის ტემპერატურის მატება მის გავრცელებას ხელს უწყობს.
სპეციალისტების აზრით, მისი მიზანმიმართული ჭერა და საკვებად გამოყენება შესაძლოა პოპულაციის შემცირების ერთ-ერთი საშუალება გახდეს, თუმცა პრობლემის სრულად გადაჭრას ვერ უზრუნველყოფს.
ღონისძიებაში შეფმზარეულები, მეთევზეები, ადგილობრივი ბიზნესები და მოსახლეობა მონაწილეობდნენ. ორგანიზატორების მთავარი გზავნილი იყო, რომ გასტრონომია გარემოს დაცვისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ეფექტიან საშუალებად შეიძლება იქცეს.
ლომთევზას შხამიანი ეკლები აქვს, თუმცა სათანადო დამუშავებისა და სახიფათო ეკლების პროფესიონალურად მოცილების შემდეგ მისი ხორცის საკვებად გამოყენება შესაძლებელია.
