საბერძნეთი: რომელ რეგიონებს ემუქრება წყალდიდობის საფრთხე უამინდობის ფენომენის გამო
საბერძნეთი: რომელ რეგიონებს ემუქრება წყალდიდობის საფრთხე უამინდობის ფენომენის გამო
საბერძნეთში უამინდობის გამო სამოქალაქო დაცვის სამსახური გაძლიერებულ მზადყოფნაშია. წყალდიდობის მაღალი რისკის გამო, რამდენიმე რეგიონში გამოცხადებულია „Red Code“ – საგანგებო მობილიზაციის რეჟიმი.
საბერძნეთის მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, 28 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი მოსალოდნელია ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში, მათ შორის ევიაზე, მაგნესიაში, სპორადების კუნძულებზე, ლარისაში, სკიროსზე, ფთიოტიდაში, ვიოტიაში, ატიკაში, დოდეკანისას კუნძულებზე, კიკლადესსა და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძულებზე.
„Red Code“-ის რეჟიმი უკვე მოქმედებს შემდეგ ტერიტორიებზე: ცენტრალური საბერძნეთის რეგიონში ევიაზე, ფთიოტიდასა და ვიოტიაში. თესალიაში: სპორადესზე, მაგნესიასა და ლარისაში. ატიკაში, სამხრეთ ეგეოსის რეგიონში, დოდეკანისას კუნძულებზე, ასევე ჩრდილოეთ ეგეოსის რეგიონში. 28 ოქტომბრიდან ამ სიას კიკლადესის კუნძულებიც ემატება. გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმი 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სამოქალაქო დაცვის სამსახურები მობილიზებულია შესაძლო წყალდიდობების თავიდან ასაცილებლად და საგანგებო შემთხვევებზე დროული რეაგირებისთვის. ხელისუფლება მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ, ოფიციალური გაფრთხილებებისა და შესაბამისი უწყებების მითითებების დაცვისკენ მოუწოდებს.
