სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ეგვიპტეს შორის შეთანხმება მონასტრის ბერძნულ-მართლმადიდებლურ სტატუსს განამტკიცებს
სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და ეგვიპტეს შორის შეთანხმება მონასტრის ბერძნულ-მართლმადიდებლურ სტატუსს განამტკიცებს
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა სინას წმინდა ეკატერინეს მონასტრის მთავარეპისკოპოს სიმეონთან საუბრისას შეთანხმებას ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა უწოდა. მისი თქმით, საბერძნეთი მხარს უჭერს მონასტრის გადაწყვეტილებებს, ხოლო შეთანხმება მის სამართლებრივ მდგომარეობას ამყარებს და მის არსებობასა და ბერძნულ-მართლმადიდებლურ ხასიათს მომავალშიც უზრუნველყოფს.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმება მონასტრისა და მის საკუთრებაში არსებული საეკლესიო ქონების რელიგიური ხასიათის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ასევე, ბერებს ხანგრძლივი ვადით ბინადრობის ნებართვები მიენიჭებათ, რაც მონასტრის საქმიანობის უწყვეტობას შეუწყობს ხელს.
ღერაპეტრიტისმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ალ-სისის შეთანხმების მიღწევაში შეტანილი პირადი წვლილისთვის და ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ ბადრ აბდელატის. მისი შეფასებით, შეთანხმება საბერძნეთსა და ეგვიპტეს შორის სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობასაც ადასტურებს.
შეთანხმებას მხარი დაუჭირეს კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქომ, ალექსანდრიისა და იერუსალიმის საპატრიარქოებმა, კვიპროსის ეკლესიამ და საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრიც მიესალმა შეთანხმებას.
