ფეხსაცმლის ჩაცმაც კი ვერ მოვასწარი – ევიაზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად სახლის ჭერი ჩამოინგრა
ფეხსაცმლის ჩაცმაც კი ვერ მოვასწარი – ევიაზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად სახლის ჭერი ჩამოინგრა
კუნძულ ევიაზე თანმიმდევრულად სამმა ძლიერმა მიწისძვრამ რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. პასუხისმგებელმა ორგანოებმა უკვე დაიწყეს ზარალის აღრიცხვა, პარალელურად კი მიმდინარეობს მოსახლეობის გამოკითხვა და მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის შეგროვების პროცესი.
სოფელი დაფნუსას მცხოვრებლებმა მედიასთან საუბრისას აღნიშნეს რომ მსგავსი სიმძლავრის ბიძგები ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა და ძალიან შეეშინდათ. მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები აცხადებენ, რომ როცა ძლიერი რყევა დაიწყო სახლში იყვნენ და ტელევიზორს უყურებდნენ. სახლში კოსტა და მისი მოხუცებული დედა იმყოფებოდა, რომლის ასაყენებლად და გარეთ გასაყვანადაც საკმაოდ დრო დასჭირდა.
დიდი მატერიალური ზიანი მიადგა 65 წლის ტასოს სახლს, რომელშიც დედამისთან ერთად ცხოვრობს. ადგილობრივ პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველაზე მეტად სახლის შეკეთება დედამისისთვის სურს, რომ ჰქონდეს სახლში უსაფრთხოების შეგრძნება.
საბერძნეთის ანტისეისმური დაგეგმარებისა და სტიქიური უბედურებისგან დაცვის ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ევთიმიოს ლეკასმ, განაცხადა, რომ რეგიონი მაღალი სეისმური აქტივობებით გამოირჩევა და მსგავსი აქტივობა წარსულშიც არაერთხელ დაფიქსირებულა.
მისი თქმით, ამ ზონაში მიწისძვრებს ახასიათებს რამდენიმე ძლიერი და შემდეგ მრავალი მცირე ბიძგის განვითარება რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში. ლეკასის შეფასებით, არსებული მონაცემები არ მიუთითებს გაცილებით ძლიერი მიწისძვრის საშიშროებაზე.
მან მოსახლეობას ურჩია, თავი აარიდონ მეწყერსაშიშ ადგილებში გადაადგილებას და არ დარჩნენ ძველ ან დაზიანებულ შენობებში, თუმცა აღნიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ევიაზე უკვე ჩავიდა საბერძნეთის კლიმატური კრიზისისა და სამოქალაქო დაცვის მინისტრი ევანგელოს ტურნასი, რომელიც ადგილზე არსებულ ვითარებას აკვირდება და ზარალის შეფასების პროცესს ხელმძღვანელობს.
