1-ლი ივლისიდან სალონიკის საზოგადოებრივი ტრანსპორტი საზაფხულო განრიგით გადაადგილდება
1-ლი ივლისიდან სალონიკის საზოგადოებრივი ტრანსპორტი საზაფხულო განრიგით გადაადგილდება
სალონიკში 1-ლი ივლისიდან საქალაქო ავტობუსები საზაფხულო განრიგით გადაადგილებას იწყებენ.
ცვლილებების მთავარი მიზანი ზაფხულის სეზონზე მგზავრთა გაზრდილი ნაკადის მომსახურება და ქალაქთან ახლოს მდებარე ზღვისპირა კურორტებზე გადაადგილების გამარტივებაა.
სალონიკის სატრანსპორტო ორგანიზაციის (ΟΣΕΘ) განცხადებით, როგორც ყოველწლიურად, წელსაც დამატებითი რეისები დაინიშნა იმ ავტობუსების ხაზებზე, რომლებიც ყველაზე მოთხოვნად სანაპირო მიმართულებებს ემსახურება.
დამატებითი რეისები დაემატება შემდეგ ავტობუსის ხაზებს: №69 (Α.Σ. ΙΚΕΑ – Επανομή), №70 (Ν.Σ.Σ. – Επανομή), №71 (Ν.Σ.Σ. – Μηχανιώνα), №72 (Α.Σ. ΙΚΕΑ – Νέα Μηχανιώνα) და №77Η (Επανομή – Ποταμός.
ΟΣΕΘ-ის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს სალონიკის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისა და დამსვენებლების კომფორტულ გადაადგილებას ზაფხულის განმავლობაში, განსაკუთრებით იმ მიმართულებებით, სადაც ამ პერიოდში მგზავრთა რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.
საზაფხულო განრიგის ამოქმედებით ადგილობრივებსა და ტურისტებს სანაპირო ზონებში გადაადგილება უფრო მარტივად და სწრაფად შეეძლებათ.
