მალიაკოსის ტრაგედიიდან 22 წელი გავიდა
მალიაკოსის ტრაგედიიდან 22 წელი გავიდა
2004 წლის 27 სექტემბერი საბერძნეთის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ დღედ რჩება. ამ დღეს მალიაკოსის გზის მონაკვეთი (Πέταλο του Μαλιακού) უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილად იქცა, რომელსაც შვიდი მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა და რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა.
მოსწავლეები ექსკურსიიდან შინ ვეღარ დაბრუნდნენ. ისინი დედაქალაქში პარაოლიმპიური თამაშების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და შეჯიბრებებს უნდა დასწრებოდნენ.
ტრაგედიის ადგილზე, კამედა ვურლასის მახლობლად, ასპრონერის დასახლებაში, დღეს გარდაცვლილთა საპატივცემულოდ მემორიალია აღმართული. სადაც ყოველწლიურად დაღუპული მოსწავლეების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად სამგლოვიარო პარაკლისი ტარდება.
უბედური შემთხვევა 2004 წლის 27 სექტემბერს მოხდა. დილის დაახლოებით 10 საათი სრულდებოდა, როდესაც ტრიკალას საქალაქო ავტობუსების კომპანიის კუთვნილი ავტობუსი, რომელსაც ფარკადონას პირველი კლასის ლიცეუმის 37 მოსწავლე და ოთხი მასწავლებელი გადაჰყავდა, ათენისკენ მიემართებოდა.
მოსწავლეები დედაქალაქში პარაოლიმპიური თამაშების შეჯიბრებების სანახავად მიდიოდნენ.
ათენი–ლამიას ეროვნულ გზატკეცილზე, 176-ე კილომეტრზე, ასპრონერის მონაკვეთთან, ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და საპირისპირო მიმართულების ზოლში გადავიდა და სწორედ ამიტომ ავტობუსს გვერდულად შეეჯახა.
ავარიის შედეგად შვიდი მოსწავლე დაიღუპა. სამი მოსწავლე მძიმედ დაშავდა, ხოლო კიდევ 27 ადამიანს შედარებით მსუბუქი დაზიანებები მიადგათ.
დაღუპულები იყვნენ: ხრისტოს ბურაზელისი, ეკატერინი ლიციუ, სტეფანია კალივა, კონსტანტინოს ტელიოსი, ევღენია სარაფი, აპოსტოლოს იკონომულასი და იოანის კამაცელოსი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მათი დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ დაფარა.
მძიმედ დაშავებულ მოსწავლეებს შორის იყო კონსტანტინოს აბლიანიტისი, რომელსაც მარცხენა ხელის ამპუტაცია დასჭირდა. მას ასევე აღენიშნებოდა თავის ტრავმა და ფილტვების მძიმე დაზიანება.
ვასილიკი კიოსი თავის ტვინის მძიმე ტრავმით ათენის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო არეტი ღეორღიუს თავის ქალისა და თავის ტვინის დაზიანება ჰქონდა და ლამიის საავადმყოფოდან ლარისას საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაშავებულთა შორის იყვნენ როგორც მოსწავლეები, ისე მათი თანმხლები მასწავლებლები.
განსაკუთრებული როლი შეასრულა ლიცეუმის მასწავლებელმა არისტიდის მილონასმა. მიუხედავად იმისა, რომ თავადაც დაშავდა, მან ავტობუსიდან არაერთი დაშავებული გამოიყვანა და მათ გადარჩენაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო.
თვითმხილველებისა და იმ მოსწავლეების მონათხრობის მიხედვით, რომლებიც სხვა, წინ მიმავალ ავტობუსში იმყოფებოდნენ, სატვირთო მანქანას 60 წლის ანტონის პარდალაკისი მართავდა.
მოწმეთა ცნობით, სატვირთო მანქანამ დაახლოებით 20 მეტრის მანძილზე მარცხენა ბორბლებით გზის ზედაპირზე გადაადგილება დაიწყო, რის შემდეგაც მძღოლმა ავტომობილზე კონტროლი საბოლოოდ დაკარგა.
ავტობუსს კი დიმიტრის პესლისი, 21 წლის მძღოლი მუზაკიდან, მართავდა.
ავარიის შემდეგ სატვირთო ავტომობილის მძღოლი და ავტობუსის მძღოლი კამენონ ვურლონის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ისინი გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
საქმის სასამართლო განხილვა რამდენიმე ეტაპად გაგრძელდა.
2007 წელს კარპენისის ნაფიც მსაჯულთა შერეულმა სასამართლომ სატვირთო მანქანის მძღოლს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი პატიმრობაში გადაიყვანეს.
ავტობუსის მძღოლს 56-თვიანი სასჯელი დაეკისრა, რომელიც გირაოს ფარგლებში გაათავისუფლეს.
სატვირთო მანქანის მფლობელს კი 59 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს სასჯელიც დღეში 5 ევროდ გამოსასყიდ სასჯელად გადაკეთდა და მას გასაჩივრების უფლება მიეცა.
სასჯელების გამოცხადებას დაღუპული მოსწავლეების ოჯახის წევრების მწვავე რეაქცია მოჰყვა. მათი შეფასებით, დაკისრებული სასჯელები ზედმეტად მსუბუქი იყო.
საქმე ლამიის სააპელაციო სასამართლოში 2010 წლის 22 მარტს განიხილეს. მრავალდღიანი სასამართლო პროცესის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ სატვირთო ავტომობილის მძღოლისთვის დაკისრებული სასჯელი ცხრა წლამდე შეამცირა.
ამასთან, სასამართლომ არ შეცვალა სატვირთო ავტომობილის მფლობელისა და ავტობუსის მძღოლისთვის დაკისრებული სასჯელები.
მალიაკოსის ტრაგედია განსაკუთრებით მძიმე იყო იმის გამოც, რომ მოხდა ტების უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევიდან სულ რაღაც წელიწად-ნახევრის შემდეგ.
2003 წლის 13 აპრილს ტების გზაზე მომხდარ ავარიას 21 მოსწავლის სიცოცხლე შეეწირა. მაშინაც სატვირთო მანქანა საპირისპირო მიმართულების ზოლში გადავიდა და ტურისტულ ავტობუსს შეეჯახა. ავტობუსში იმათიის მაკროხორის ლიცეუმის პირველი კლასის 49 მოსწავლე იმყოფებოდა.
ორ ტრაგედიას ერთმანეთისგან მხოლოდ 17 თვეს აშორებდა და ორივემ განსაკუთრებით მძიმე კვალი დატოვა საზოგადოებაზე.
