ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ
ბერძენი მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ
საბერძნეთში მეთევზეებმა სამუშაობი შეაჩერეს და სრულიად ქვეყნის მასშტაბით თევზის საბითუმო ბაზრებს დროებით დახურვისკენ მოუწოდეს. მეთევზეები აცხადებენ, რომ საწვავის მკვეთრმა გაძვირებამ და სექტორის სხვა პრობლემებმა მათი საქმიანობა ეკონომიკურად არამდგრადი გახადა.
კერაცინის თევზის ბაზართან ათობით მეთევზე შეიკრიბა და გაჩერებული ნავებით აღნიშნულ მდგომარეობაზე ყურადღების გამახვილება მოითხოვა. მათი განცხადებით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან როგორც სანაპირო, ისე საშუალო მასშტაბის კომერციული მეთევზეობის წარმომადგენლები.
მეთევზეთა პროფესიული გაერთიანების წარმომადგენლის, ვანგელის არაპაკისის განცხადებით, საშუალო ზომის გემის საწვავის ხარჯი თვეში შესაძლოა 30–50 ათასი ევროთი გაიზარდოს. მისი განმარტებით, თუ გემი დღეში დაახლოებით 1 000 ლიტრ საწვავს მოიხმარს და მისი ფასი ლიტრზე 0,80 ევროთი გაიზარდა, მხოლოდ საწვავზე დამატებითი ხარჯი თვეში დაახლოებით 24 000 ევროს აღწევს. ამას ემატება შესაფუთი მასალების, ყუთებისა და სათევზაო აღჭურვილობის ხარჯები.
მეთევზეები ხელისუფლებისგან საწვავის ხარჯების სუბსიდირებასა და ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვენ, რათა ადგილობრივ ბაზარზე ბერძნული ახალი თევზის მიწოდება გაგრძელდეს და პროდუქტის ფასი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი დარჩეს.
სანაპირო მეთევზეობისა და სათევზაო ტურიზმის მფლობელთა გაერთიანების ხელმძღვანელი ნიკოლაოს სტამულოსი აცხადებს, რომ სექტორი მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით, პრობლემას საწვავის ფასის გარდა ზღვაშ მომრავლებული ლაღოკეფალი და დელფინების მიერ გამოწვეული ზარალიც ართულებს. მან ასევე გააკეთა განცხადება თურქული თევზის მზარდი იმპორტისა და თევზჭერის შესახებ.
აქციას მხარი დაუჭირეს სახალხო ბაზრების წარმომადგენლებმაც. მათი განცხადებით, სოფლის მეურნეობისა და მეთევზეობის სექტორებში მაღალი ხარჯები ადგილობრივ მწარმოებლებს საქმიანობის დატოვებისკენ უბიძგებს.
