ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე
ხუთი ბერძენი მეცნიერი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ბაზარზე
ხუთი ბერძენი მეცნიერი და მეწარმე ხელოვნური ინტელექტის სფეროში საერთაშორისო წარმატებას აღწევს. მათ მიერ დაარსებული კომპანიები მილიარდობით დოლარად ფასდება და მსხვილი ინვესტორების, მათ შორის Nvidia-ს ყურადღებას იპყრობს.
ყველაზე დიდი ყურადღების ცენტრშია Reflection AI, რომლის თანადამფუძნებელი და ტექნოლოგიური დირექტორი იოანის ანტონოღლუა. კომპანიის ღირებულება 25 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. Nvidia-ს უკვე დაახლოებით 800 მილიონი დოლარი აქვს ჩადებული კომპანიაში და მის შესაძლო შეძენას ან დამატებით ინვესტიციას განიხილავს. საბოლოო შეთანხმება ჯერ არ არსებობს. Reflection AI ხელოვნური ინტელექტის მოდელებს ქმნის, რომელთა საკუთარ სისტემებზე მორგება კომპანიებს შეუძლიათ.
საერთაშორისო ტექნოლოგიურ ბაზარზე წარმატებას აღწევენ კიდევ ოთხი ბერძენი მეწარმე:
- ანასტასის ღერმანიდისი – Runway: ავითარებს ხელოვნურ ინტელექტს, რომელსაც ტექსტისა და გამოსახულებების საფუძველზე ვიდეოების შექმნა და დამუშავება შეუძლია. კომპანიის ღირებულება 5 მილიარდ დოლარს აღემატება.
- ანასტასიოს ანგელოპულოსი – Arena: ქმნის პლატფორმას, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მოდელის შესაძლებლობებს ადარებს. 2026 წლის ოქტომბერში კომპანიამ 200 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა და მისი ღირებულება 3,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
- სპიროს ქსანთოსი – Resolve AI: ავითარებს ტექნოლოგიას, რომელიც ციფრულ სისტემებში ტექნიკური პრობლემების აღმოჩენასა და მათ სწრაფად გამოსწორებაში ეხმარება კომპანიებს. მისი ღირებულება 2026 წლის თებერვალში მილიარდ დოლარს აღემატებოდა.
- ნიკი ღულიმი – Tunic Pay: ხელოვნურ ინტელექტს საბანკო თაღლითობის გამოსავლენად იყენებს და ეხმარება ფინანსურ ორგანიზაციებს საეჭვო გადარიცხვების დროულად ამოცნობაში.
მეცნიერების წარმატებებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს Endeavor Greece, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით მომუშავე მეწარმეებს მხარს უჭერს და მათ საქმიანობას საბერძნეთთან აკავშირებს. ორგანიზაციის მიზანია, ბერძენი სპეციალისტების საერთაშორისო მიღწევებმა ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ტექნოლოგიური ცოდნის გავრცელებას.
ხუთი მეწარმის მაგალითი აჩვენებს, რომ ბერძნული წარმოშობის სპეციალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ვიდეოების შექმნიდან და პროგრამული სისტემების მართვიდან დაწყებული, საბანკო უსაფრთხოებით დასრულებული.
