ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“
ზეფირი: „კოლეგის გადარჩენა ვცადე, მაგრამ ჟანგბადი გამითავდა“
ზეფირიში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ორი მეხანძრის კოლეგა, რომელიც შემზარავ ხანძარს გადაურჩა, მომხდარის მძიმე დეტალებს იხსენებს.
დაშავებული მეხანძრე, რომელიც ამჟამად ათენის 251-ე სამხედრო საავიაციო ჰოსპიტალში მკურნალობს, აცხადებს, რომ ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციის დროს 44 წლის კოლეგის გადარჩენას ცდილობდა. მან კოლეგა სარდაფისკენ მიმავალი კიბის სიახლოვეს, უგონო მდგომარეობაში იპოვა, თუმცა სამაშველო მცდელობის გაგრძელება ჟანგბადის ამოწურვის გამო ვეღარ შეძლო.
„ხანძარს შლანგით ვაქრობდი, თუმცა გარკვეულ მომენტში ცეცხლი გაძლიერდა. დავინახე, რომ ჩემი კოლეგა კიბესთან იწვა და მის დახმარებას შევეცადე, მაგრამ ამ დროს ჟანგბადი გამითავდა და იძულებული გავხდი შენობა დამეტოვებინა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და შემდეგ გონება დავკარგე“, – აცხადებს მეხანძრე.
ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით 34 წლის ქალს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, განზრახ ცეცხლის წაკიდების ბრალდება წარუდგინეს. დაკავებულია ასევე მისი ორი არასრულწლოვანი ქალიშვილი, 13 და 16 წლის, რომლებსაც იგივე ბრალდება აქვთ წაყენებული.
გამოძიების ინფორმაციით, ხანძრის სავარაუდო მიზეზი შესაძლოა შეშის ღუმელიდან გამოტანილი ცხელი ნაცარი და ნაკვერჩხლები გამხდარიყო. დედის განმარტებით, დილის დაახლოებით 08:20 საათზე მან ღუმლიდან ნაცარი და ნახშირის ნარჩენები ამოიღო და ქალიშვილს სთხოვა, ისინი შენობის კიბის უჯრედში გადაეყარა. იმ ადგილას, სადაც ოჯახი ჩვეულებრივ ყრიდა ასეთ ნარჩენებს.
ერთ-ერთი არასრულწლოვანი ქალიშვილის ჩვენებითაც, დედამ მას სახლში არსებული შეშის ღუმლიდან ნაცრისა და ნაკვერჩხლების გადაყრა იმავე შენობაში, მიტოვებული სივრცის კიბის უჯრედში დაავალა.
მეხანძრეების წინასწარი შეფასებით, ცეცხლის გავრცელების მიზეზი შესაძლოა სწორედ კიბის უჯრედში გადაყრილი ნაცარი და ნაკვერჩხლები გამხდარიყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგროვილი იყო ნაგავი, პლასტმასი და სხვა ადვილად აალებადი მასალები, რამაც შესაძლოა ხანძრის სწრაფ გავრცელებას შეუწყო ხელი.
გამოძიება ასევე განიხილავს ვერსიას, რომლის მიხედვითაც ორი მეხანძრე სარდაფისკენ მიმავალ კიბეზე დაგორდა ან კვამლის სიმკვრივის გამო ორიენტაცია დაკარგა, რის შედეგადაც გამოსასვლელის პოვნა ვერ შეძლო და შენობაში გაიჭედა.
