იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან
იცით თუ არა რომ მოძრაობის წესების დარღვევისას ქვეითებიც ჯარიმდებიან
საბერძნეთში ქვეითთა დაჯარიმების შემთხვევებმა საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი საკითხები წამოჭრა: როდის არღვევს ქვეითი კანონს გზის გადაკვეთისას და რა ვალდებულებები ეკისრებათ მძღოლებს ქვეითთა გადასასვლელებთან.
შემთხვევის მიხედვით, ქვეითი გზის გადაკვეთას სპეციალურად მონიშნული გადასასვლელის მიღმა ცდილობდა და არ დაემორჩილა საგზაო პოლიციის მოტოციკლეტით მოძრავი თანამშრომლის მითითებებს, რომელიც მოძრაობას არეგულირებდა. პოლიციელმა მას ჯარიმა გამოუწერა.
საბერძნეთში მოქმედი საგზაო მოძრაობის კოდექსის (ΚΟΚ, კანონი 5209/2025) შესაბამისი დებულებები 2025 წლის 13 სექტემბრიდან ამოქმედდა.
კანონის ძირითადი მოთხოვნაა, რომ მოქალაქემ გამოიყენოს მხოლოდ ქვეითთა გადასასვლელი.
რაღათქმაუნდა, გადასასვლელის არარსებობა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ გზის გადაკვეთა აკრძალულია. ქვეითს შეუძლია გზის სხვა მონაკვეთზე გადასვლაც, იმ პირობით, რომ წინასწარ დარწმუნდება რომ მოძრაობას საფრთხეს არ შეუქმნის და ხელს არ შეუშლის. გზა უნდა გადაკვეთოს პერპენდიკულარულად, ზედმეტი დაყოვნებისა გარეშე.
ქვეითთა მოძრაობის წესების გარკვეული დარღვევებისთვის გათვალისწინებულია 30 ევროს ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა.
რას ნიშნავს შუქნიშნის სიგნალები ქვეითებისთვის?
- წითელი სიგნალი კრძალავს გზის გადაკვეთის დაწყებას.
- თუ ქვეითმა გზა მწვანე სიგნალზე გადაკვეთა და ამ დროს წითელი აინთო, მას უფლება აქვს, გზა ბოლომდე გაიაროს.
- მოციმციმე მწვანე სიგნალი გადასვლის უფლებას განსაკუთრებული სიფრთხილით იძლევა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგზაო პოლიციელის მითითებები: მისი სიგნალები უპირატესია შუქნიშნის, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მიმართ. შესაბამისად, ქვეითი ვალდებულია, პოლიციელის მითითებას დაემორჩილოს, მაშინაც კი, თუ შუქნიშანი გადაადგილების ნებართვას იძლევა.
კანონი მძღოლებსაც მკაფიო ვალდებულებებს აკისრებს.
თუ ქვეითი იყენებს მონიშნულ გადასასვლელს ან გადასვლას აპირებს, ხოლო მოძრაობას არც შუქნიშანი და არც პოლიციელი არ არეგულირებს, მძღოლი ვალდებულია შეანელოს სვლა, გააჩეროს ავტომობილი და ქვეითს გზის უსაფრთხოდ გადაკვეთის საშუალება მისცეს.
იგივე ვალდებულება მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ავტომობილისთვის მწვანე შუქი აინთო, მაგრამ ქვეითმა გადასასვლელზე გადასვლა უკვე დაიწყო.
განსაკუთრებული დაცვა ვრცელდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და მხედველობის დარღვევის მქონე მოქალაქეებზე, რომლებიც თეთრ ხელჯოხს იყენებენ. ასეთ შემთხვევებში მძღოლი ვალდებულია გადასასვლელამდე გააჩეროს ავტომობილი.
მძღოლის მიერ ქვეითისთვის გზის დათმობის ვალდებულების დარღვევა ითვალისწინებს 150 ევროს ჯარიმასა და მართვის მოწმობის 40 დღით ჩამორთმევას.
საგზაო მოძრაობის კოდექსის თანახმად, აკრძალულია ავტომობილის გაჩერება ან პარკირება:
- უშუალოდ ქვეითთა ან ველოსიპედისტთა გადასასვლელზე;
- გადასასვლელიდან ორივე მიმართულებით 5 მეტრზე ნაკლებ მანძილზე;
- ტროტუარზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური საგზაო ნიშანი პარკირებას უშვებს.
