Latest news
აკილამ ათენში კონცერტი გამართა პროკურორმა ΟΠΕΚΕΠΕ-ს ყოფილი ხელმძღვანელების დამნაშავედ ცნობა მოითხოვა საბერძნეთი: სალონიკში მმართველი პარტიის წარმომადგენლების სახლებზე თავდასხმას ხელისუფლება ტერორისტულ ... საბერძნეთი: ჭარბი წონის საწინააღმდეგო მედიკამენტების უფასოდ გაცემის პროგრამა დასრულდა ნავპლიოს ძველი საბაჟო საბერძნეთის კულტურის სამინისტროს ახალ დაწესებულებას უმასპინძლებს Mymarket-ი მომხმარებლებს პროდუქტის წარმოშობის შემოწმების შესაძლებლობას აძლევს სალონიკი: 20 წლის გოგოს რუტინული ოპერაციის პროცესში მძიმე დამწვრობა მიაყენეს პეტრალონა: ათენის მუნიციპალიტეტი ჩამონგრეული კორპუსის მაცხოვრებლებს 3 000 ევროს ოდენობის დახმარებას ... საბერძნეთი: ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია ერმუ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
პარასკევი, ივლისი 3, 2026
საბერძნეთი

დააბრუნე პლაჟი! – ბერძნები სანაპიროებზე ფასიანი შეზლონგების სიმრავლეს აპროტესტებენ

ასობით ბერძენმა კუნძულ პაროზე წამოიწყო საპროტესტო აქცია კერძო კომპანიების მიერ ფასიანი შეზლონგებისა და ქოლგების უკონტროლო გავრცელების წინააღმდეგ, სახელწოდებით – “დააბრუნე პლაჟი.”

250-ზე მეტი მაცხოვრებელი “შეიჭრა” პოპულარულ სანტა მარიას სანაპიროზე და მოითხოვა სივრცე ქვიშაზე პირსახოცების დასაფენად.

კოლიმბიტრისა და პაროს პარკის პლაჟები არის შემდეგი გაჩერება კუნძულის მცხოვრებთა მიერ წამოწყებული კამპანიისა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა სკოლის ყოფილი დირექტორი 78 წლის ხრისტოს გეორგუსი.

„ჩვენ გვაერთიანებს შეშფოთება საჯარო სივრცის შემცირებისა და ჩვენი ქვეყნის პლაჟებიდან ჩვენი განდევნის გამო“, – აცხადებენ კამპანიის მონაწილეები.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ პაროს პლაჟებზე არსებული უკანონობით კომპანიების მხრიდან, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ პლაჟების ნაწილს და თვითნებურად იკავებენ საერთო ფართს შეზლონგებითა და ქოლგებით, გადადიან რა კონტრაქტით გათვალისწინებულ ზღვარს.

ჩვენ ვიცავთ ჩვენი კუნძულის მოქალაქეებისა და ვიზიტორების უფლებას, ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა ჩვენს პლაჟებზე. ბერძნული ზაფხული ჩვენი სულის ნაწილია, ის ჩვენი იდენტობის ნაწილია და არავის მივცემთ საშუალებას, წაგვართვას იგი“, – აცხადებენ ისინი.

ბერძნული კანონმდებლობით ნათლად არის განსაზღვრული, რომ ქვეყნის სანაპირო ზოლი განიხილება საზოგადოებრივ სიკეთედ და საბერძნეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს ჰქონდეთ წვდომა და გამოიყენონ ის.

არც ერთ პირს ან კომპანიას არ აქვს უფლება დაბლოკოს წვდომა საჯარო პლაჟზე საბერძნეთის რომელიმე მოქალაქისთვის.

თუმცა, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, სანაპირო ზოლის გამოყენების კანონები უხეშად ირღვევა როგორც კერძო პირების, ისე კომპანიების მიერ, რომლებიც ზღვისპირა ტერიტორიებს მხოლოდ საკუთარი სარგებლისთვის იყენებენ. საქმე იქამდე მივიდა, რომ წლების განმავლობაში, სანაპირო ზოლის თვითნებური მისაკუთრება ბერძენთა უმეტესობის მიერ ლეგალურად განიხილება.

მაგალითად, კანონის თანახმად, თუ სასტუმრო აშენებულია პირდაპირ სანაპიროზე და არ არის გარე წვდომა პლაჟზე, მოქალაქეს, რომელსაც სურს მისი გამოყენება, უფლება აქვს გაიაროს სასტუმროს გავლით სანაპიროზე მისასვლელად.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის მიხედვით საბერძნეთის პლაჟები არის საჯარო საკუთრება, კანონები სანაპირო ზოლის გამოყენებასთან დაკავშირებით იმდენად რთულია, რომ დაინტერესებულმა პირებმა  იპოვეს ხარვეზები მასში კანონისთვის გვერდის ასავლელად და საჯარო პლაჟების „პრივატიზებისთვის” მხოლოდ მათ სასარგებლოდ.

კანონი ადგენს, რომ ბიზნესის იჯარით მიმღები ვალდებულია მის მიერ პრივატიზებული  პლაჟის ტერიტორიის 50 პროცენტი დატოვოს თავისუფალი მათთვის, ვისაც არ სურს ისარგებლოს კერძო პლაჟის მომსახურებით.

ბიზნესი ასევე ვალდებულია დატოვოს 5 მეტრიანი მანძილი სანაპიროზე განთავსებულ შეზლონგებსა და ზღვას შორის, ასევე შეინარჩუნოს 100 მეტრი სიგრძის დისტანცია სხვა კერძო პლაჟთან.

ამავდროულად, საბერძნეთის კანონმდებლობა არ იძლევა უფლებას 50 დეციბალზე მეტი სიმძლავრის  მუსიკალური სისტემების  განთავსებისა  სანაპიროებზე, თუმცა კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები და რეალობა შორს არის ერთმანეთისგან ქვეყნის ბევრ პლაჟზე.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *