რეისზე დაგვიანებით განრისხებულმა მგზავრმა პალმას აეროპორტში ავეჯი და კომპიუტერები დაამტვრია
ესპანეთის პალმას აეროპორტში რეისზე დაგვიანების გამო განრისხებული Ryanair-ის მგზავრი აეროპორტის თანამშრომლებს დაესხა თავს. გაშმაგებულმა მამაკაცმა დაამტვრია ავეჯი და კომპიუტერები აეროპორტში, როგორც ეს ჩანს ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში და ეს ყველაფერი შუშის კარს მიღმა დამალული Ryanair-ის შეშინებული თანამშრომლების თვალწინ ხდება.
გავრცელებული ცნობით, მამაკაცმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა Ryanair-ის თანამშრომლებს. პანიკაში ჩავარდნილმა პერსონალმა დახმარება გამოიძახა და უსაფრთხოების ექვსი თანამშრომელი ადგილზე მაშინ მივიდა, როდესაც მამაკაცი კედლებს საგნებს ესროდა და ყვიროდა.
ამასთან, ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მგზავრი ქალთა საპირფარეშოში შევიდა, სადაც სარკე ჩაამტვრია და თავის მოკვლით იმუქრებოდა. მისი შეჩერება ფიზიკური ძალის გამოყენებით გახდა შესაძლებელი. მას დაცვის თანამშრომლებმა მკერდსა და მუცელში ჩაარტყეს და ამ გზით მოახერხეს მისი შეკავება, სანამ ესპანეთის გვარდიის სამოქალაქო ოფიცრები მივიდოდნენ. აღნიშნულია, რომ მამაკაცი პირველადი დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი დააკავეს.
