სალონიკი- ექიმებს ოპერაციის დროს პაციენტის სხეულში ნემსი დარჩათ
სალონიკში, გაუფრთხილებლობის გამო სხეულის დაზიანებაში დამნაშავედ ცნეს ორი ქირურგი, რომლებმაც ოპერაციის დროს პაციენტს მუცლის არეში 12,5 სმ სიგრძის ქირურგიული ნემსი ჩაუტოვეს.
ოპერაცია სალონიკის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში ჩატარდა.
პაციენტი ოპერაციის შემდეგ მარცხენა თირკმლის მიდამოში და მუცლის არეში აუტანელ ტკივილს გრძნობდა, თუმცა ექიმთან მიმართვის შემდეგ ის დაარწმუნეს რომ ტკივილი ჩვეულებრივი პოსტოპერაციული სიმპტომი იყო.
პაციენტმა სასამართლოში აჩვენა, რომ ის რამდენიმე თვის განმავლობაში მუდმივად იღებდა ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს, ხოლო შემდგომ, სხვა კლინიკაში ჩატარებული გამოკვლევებით და სამედიცინო ანალიზებით გაირკვა, რომ ოპერაციის შემდგომ მის სხეულში სამედიცინო ნემსი იყო დატოვებული.
პაციენტს ნემსის ამოსაღებად ორი ოპერაციის ჩატარება დასჭირდა, თუმცა სხეულში მისმა რამდენიმეთვიანმა არსებობამ თირკმელების უკმარისობა და ჯანმრთელობის მუდმივი დაზიანება გამოიწვია.
სხეულის დაზიანებაში ბრალდებულ ორივე ექიმს 14 და 11 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ასევე 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ოპერაციის დროს ინტრუმენტებზე პასუხისმგებელ მედდას.
ექიმები თავს დამნაშავედ ცნობენ და სრულად იღებენ პასუხისმგებლობას ოპერაციის დროს დაშვებულ შეცდომაზე, თუმცა მიზეზად სხვა გარემოებებთან ერთად ტექნიკის გაუმართაობასაც ასახელებენ.
