“Christina O”: ონასისის ლეგენდარული იახტა კორინთის არხში გამოჩნდა
კორინთის არხში გამოჩნდა საკულტო იახტა “Christina O” რომელიც ოდესღაც არისტოტელე ონასისს ეკუთვნოდა.
ლეგენდარულმა იახტამ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, გაყიდვაში იყო, კიდევ ერთხელ მიიქცია ყურადღება.
თავის დროზე აღნიშნული კრეისერი მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა როგორც საესკორტო გემი საბრძოლო მასალების გადასატანად მოკავშირეთა ძალებისთვის ინგლისსა და რუსეთში.
გემს ახალი სიცოცხლე დაუბრუნა არისტოტელე ონასისმა, რომელმაც მას თავისი ქალიშვილის სახელი დაარქვა და მის გემბანზე უმასპინძლა ისეთ ისტორიულ ფიგურებს, როგორებიცაა უინსტონ ჩერჩილი, ეგვიპტის მეფე ფარუკი, მერილინ მონრო, ელიზაბეტ ტეილორი და რიჩარდ ბარტონი, ჯონ ფ. კენედი, ფრენკ სინატრა, პრინცი რენიერი და გრეის კელი.
ეს ისტორიული იახტა, რომელიც 99 მეტრი სიგრძისა და 11 მეტრი სიგანისაა, არისტოტელე ონასისის ხელში 1954 წელს, სულ რაღაც 34 000 დოლარად გადავიდა, შემდეგ კი მან თავად დახარჯა მის განახლებაზე იმ დროისთვის მითიური თანხა 4 მილიონი დოლარი.
ონასისის გარდაცვალების შემდეგ 1975 წელს “Christina O” მისმა ქალიშვილმა მემკვიდრეობით გადასცა საბერძნეთის სახელმწიფოს საპრეზიდენტო იახტად გამოსაყენებლად, რის შემდეგაც გემს სახელი შეუცვალეს და „არგო“ დაარქვეს.
საბერძნეთის საზღვაო ძალებმა განახორციელეს იახტის მოვლა-პატრონობა, რათა ის ყოველთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო რესპუბლიკის პრეზიდენტისთვის.
თუმცა „არგო“ მხოლოდ ერთხელ გამოიყენა ხრისტოს სარგეტაკისმა( საბერძნეთის პრეზიდენტი 1985 წლიდან 1990 წლამდე)
23 წლის შემდეგ, ნახევრად ჩაძირული იახტა სალამინაში, გამოჩენილმა გემთმშენებელმა კოსტას კარაბელამ აღმოაჩინა. ეს უკანასკნელი საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა ინვესტორებს გემის განახლებისა და მისი ლეგენდის აღორძინების მიზნით, მათ შორის ჯონ-პოლ პაპანიკოლაუს.
ბერძენმა გემთმფლობელმა, ბრწყინვალე ბიზნესმენმა და ონასისების ოჯახის მეგობარმა, განაახლა გემი და მისი ორიგინალური სახელიც აღადგინეს მასში ასო “O”-ს დამატებით.
გარკვეული შეკეთების შემდეგ გადაადგილების უნარის აღსადგენად “Christina O” გადაიტანეს ხორვატიაში,სადაც ჩატარდა მისი სრული რეკონსტრუქცია. პროცესი სამი წელი გრძელდებოდა და 50 მილიონი დოლარი დაჯდა.
2001 წელს მისი აღდგენითი სამუშაოების დასრულებიდან მალევე, “Christina O” დაჯილდოვდა მონაკოში, როგორც ყველაზე ლამაზი მეგა იახტა მსოფლიოში.
დღეს იახტა ეკუთვნის ირლანდიელ ადვოკატს ივორ ფიცპატრიკს და ხელმისაწვდომია ჩარტერისთვის კვირაში 700 000-800 000 ევროდ.
ამ კონკრეტული იახტის ფუფუნება მის ყველა სივრცეში ჩანს-არისტოტელე ონასისის შთამბეჭდავ საპრეზიდენტო ლუქსში მისაღები ოთახით, ბუხრით, ბიბლიოთეკით და რენუარის ნახატით, 18 სამგზავრო კაბინით, შიდა და გარე ბარით, გარე აუზით მოზაიკის იატაკით, რომელზეც გამოსახულია ქვემოდან ამომავალი მინოტავრი, აქვეა “უინსტონ ჩერჩილის” ბიბლიოთეკა ბერძენი კლასიკური ავტორების ნამუშევრებით.
იახტას ასევე აქვს ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი, სპორტული დარბაზი, სათამაშო მოედანი, ჯაკუზი და მასაჟის კაბინეტი.
მისი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და ისტორიულად მნიშვნელოვანი პუნქტია ბარი “არისი”, თეთრი ვეშაპის ტყავისგან დამზადებული დახვეწილი სკამებით და ვეშაპის კბილებისგან დამზადებული სახელურებით, მოჩუქურთმებული წარმოდგენებით ჰომეროსის “ოდისეადან”.
ასევე აღფრთოვანების ღირსია ცნობილი სალონი “მარია კალასი”, სადაც წარმოდგენილია აუქციონზე შეძენილი მისი პირველი ოქროს ჩანაწერი, ჯოვანი ბატისტა მენეგინთან ქორწინებიდან მისი ბეჭდები, მისი ფორტეპიანო, ასევე სამახსოვრო საჩუქარი, რომელიც მას პრეზიდენტმა კენედიმ გადასცა ნიუ-იორკში, სპექტაკლის შემდეგ, “ჩერჩილის ბიბლიოთეკა”, რომელიც იახტის მუდმივი სტუმარი იყო, ასევე “ჯეკი კენედის” ლაუნჯი,
შიგნით არის არისტოტელე ონასისის კუთვნილი სხვა ნივთებიც,რომლებიც დროთა განმავლობაში იქნა შენახული, თუმცა მათი უმეტესობა აუქციონებზეა შეძენილი.
აუქციონების საშუალებით ასევე შეძენილი იქნა კიბეები, სპირალური კიბის მორთული მოაჯირი, დიდი მხატვრების ორიგინალური ნახატები და მდიდარი ფოტომასალა იახტის ლეგენდარული მომენტებიდან.
