ანასტასია მოკლეს ნახევრად დანგრეულ სახლში-ბანგლადეშელ მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
უახლესი ინფორმაციით, 27 წლის პოლონელი გოგონას მკვლელობაში ეჭვმიტანილ და დაკავებულ 32 წლის ბანგლადეშელს უკვე ოფიციალურად წარედგინა ბრალი, რადგან ძიების პროცესში მოპოვებული ბოლო მტკიცებულებები გადამწყვეტი აღმოჩნდა ბრალის დადასტურებისთვის.
ამ დრომდე 32 წლის მამაკაცი ბრალდებას უარყოფდა, თუმცა მის დანაშაულებრივ ქმედებას ადასდურებს ერთის მხრივ ვიდეო, რომელშიც ის ანასტასიასთან ერთად სახლიდან გამოდის საბედისწერო ღამეს და მეორეს მხრივ იმავე ღამეს გოგონას მობილურ ტელეფონზე დაფიქსირებული, მათი შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოები, ზარის ჩანაწერები და ვიდეოები, რომლებიც შემდეგ ტელეფონიდან განგებ წაიშალა.
ასევე, საქმეზე მომუშავე სამართალდამცავებმა გამოიკვლიეს ნახევრად დანგრეული სახლი მინდორში, სადაც 27 წლის უსიცოცხლო ცხედარი იპოვეს.
მათ მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, დიდი ალბათობით, ეს ის ადგილია, სადაც 32 წლის ბანგლადეშელმა პოლონელი გოგონა მოკლა. ამავე ინფორმაციით, დანგრეულ სახლში აღმოჩენილია ახლად დამტვრეული ღობე, რომელიც სავარაუდოდ ადამიანის სხეულის სიმძიმისგან გადატყდა.
ნახევრად დანგრეული სახლიდან იმ ხემდე მიმავალ გზაზე, რომლის ქვეშაც ცხედარი აღმოაჩინეს ფეხსაცმელი, ორი მაისური და ანასტასიას სიგარეტი იპოვეს.
პოლიციის მიერ ფაქტების შეჯამების შედეგად იკვეთება სურათი, რომლის მიხედვითაც სავარაუდოდ ბანგლადეშელმა გოგონას უსულო სხეული ამ სახლიდან მიიტანა ხემდე, რომლის ძირშიც შემდეგ გვამი იპოვეს.
მოპოვებული მტკიცებულებები ასევე ადასტურებს ფაქტს, რომ გოგონაზე ბანგლადეშელმა სექსუალური ძალადობა განახორციელა, შემდეგ კი მოკლა, თუმცა მისი სახლიდან ის ცოცხალი გავიდა და შემდგომი გადაადგილების კვალი დანგრეულ სახლთან მიდის.
სამართალდამცავი წყაროები აქვე განმარტავენ, რომ ცხედარზე ექსპერტიზის ჩატარება საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან მისმა საგულდაგულოდ შეფუთვამ ხრწნის პროცესი ძალიან დააჩქარა.
“გოგონა კონკრეტული მიზეზების გამო შეხვდა კონკრეტულ კაცს, მეტის თქმა არ მინდა, თუმცა არ ჩანს, რომ მას წინა დღეებიდან იცნობდა. დამნაშავე ადრე იყო დაკავებული საიმიგრაციო კანონის გამო, მაგრამ ლეგალურად იმყოფებოდა ჩვენს ქვეყანაში. როგორც ჩანს, მან თვითონ მიიტანა გვამი იმ ადგილზე, სადაც იპოვეს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როგორ. მეორე დღეს მან ბილეთი აიღო და ქვეყნის დატოვებას აპირებდა. გვამი მოხალისემ სპეციფიკური სუნის დახმარებით აღმოაჩინა, ის კარგად იყო დაფარული ტოტებით და მოხალისეს საპოვნელად გათხრა მოუწია”, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
