ირაკლიო: მწარმოებლები ქურდობისგან დასაცავად ზეთისხილის ხეებზე GPS ჩიპებს აყენებენ
GPS ჩიპებით, რომლებიც ფორმით ზეთისხილის მსგავსია და ხეებზეა დაკიდებული, სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციები და მწარმოებლები კრეტაზე ცდილობენ გაუმკლავდნენ ქურდობის გახშირებულ შემთხვევებს, რომლებიც ბოლო წლებში შეინიშნებოდა.
როგორც ირაკლიოს სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციების კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, მიროს ხილეცაკისმა განაცხადა, ეს არის მცდელობა, რომელიც წარმატებით განხორციელდა 2019 წელს ესპანეთში.
„ესპანელებმა ეს გამოსავალი 2019 წელს იპოვეს. იმ წელს მათმა წარმოებამ 2 მილიონ ტონას მიაღწია. ზეითუნის ზეთი მაშინ გახდა მძარცველების სამიზნე, რომლებიც ღამით ხეებიდან იპარავდნენ ნაყოფს ან უფრო უარესი, ჭრიდნენ ნაყოფით დატვირთულ დიდი ტოტებს და საწყობებში გადაჰქონდათ, სადაც შემდგომ ზეთს ხდიდნენ.”– განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ხეებზე ზეთისხილის ნაყოფის მსგავსი GPS ჩიპების განთავსება, იდეალური გამოსავალია მოსავლის ქურდებისგან დასაცავად.
აღნიშნული ჩიპი წარმოადგენს ზეთისხილის ხის ნაყოფის ფორმის პატარა გადამცემს, რომელიც კიდია ხეზე და თითქმის არ განსხვავდება ნამდვილი ზეთისხილისგან. GPS გადამცემი აპლიკაციის საშუალებით უკავშირდება მობილურ ტელეფონებს და როდესაც მოძრავი ფიგურა ხიდან სამი ან ოთხი მეტრის დაშორებითაა, მობილურ ტელეფონზე ავტომატურად იგზავნება შეტყობინება, რომ ხეებს ვიღაც მიუახლოვდა.
მოწყობილობას ასევე აქვს ფუნქცია ჩაიწეროს და შეინახოს გარკვეული მონაცემები, პირის გადაადგილების პარამეტრები- დრო, მიმართულება და ა.შ.
აღნიშნული ჩიპები თავდაპირველად სატესტო რეჟიმში გამოიყენებოდა და მისი ეფექტურობიდან გამომდინარე უკვე იგეგმება წარმოებაში აქტიურად დანერგვა.
