წმინდა პაისიოსის უნიკალური ხის ეკლესია საბერძნეთში
საბერძნეთში, ქალაქ კონიცას მახლობლად მდებარე წმინდა პაისიოსის უნიკალური, პაწაწინა ეკლესია, რომელიც გამოკვეთილია უზარმაზარი ხის ძირში- უშუალოდ მერქანში, ყოველწლიურად ათასობით მნახველს იზიდავს როგორც საბერძნეთიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან. ეკლესია მდებარეობს კონიცას ჩრდილოეთით 22 კილომეტრში, სოფელ აგია ვარვარაში, ჩრდილო-დასავლეთ საბერძნეთში.
ითვლება, რომ წმიდა პაისიოსი ახალგაზრდობაში ხშირად გადიოდა ამ ტერიტორიას, როდესაც მიდიოდა ახლომდებარე სოფლებში ადგილობრივი სახლების შესაკეთებლად, რადგან ის დურგალი იყო.
გზად მიმავალი ხშირად ხედავდა უზარმაზარ ხეს, რომლის ძირიც დამწვარი იყო, რადგან გამვლელები ცეცხლს ანთებდნენ გასათბობად ან ხორცის შესაწვავად. მისი მდგომარეობა ყოველწლიურად უარესდებოდა და არსებობდა საშიშროება, რომ ერთ დღესაც წაიქცეოდა.
წმინდა პაისიოსმა ადგილობრივების დახმარებით სუსტი ხე შიგნიდან ქვით ამოაშენა და გაამაგრა, რის შემდეგაც ხე ისევ გამწვანდა და ტერიტორიის სამკაულად იქცა. შემდგომში ის წმინდა პაისიოსის პატივსაცემად ხის ეკლესიად აქციეს.
ამ პაწაწინა ეკლესიას გარედან აქვს პატარა ზარი, ხოლო შიგნით, სადაც მხოლოდ ორი ადამიანი ეტევა, არის პატარა ჩაღრმავება-აქ მომლოცველს შეიძლია შეუძლია აანთოს თავისი სანთელი. ეკლესიაში დაბრძანებულია იესო ქრისტეს, ღვთისმშობლის და ცენტრში წმინდა პაისიოსის ხატები.
წმინდა პაისიოსის ხის ეკლესიას გამორჩეული ადგილი უკავია კონიცას ღირსშესანიშნაობებს შორის. TripAdvisor-ის მსოფლიო სახელმძღვანელოს მიხედვით, ის კონიცას 2021 წლის ყველაზე ხშირად მონახულებად ადგილად დასახელდა მოგზაურთა შორის.
ცნობილი თავისი წარმოუდგენელი წინასწარმეტყველებებით, უთვალავი სასწაულებით, ღვთის სიყვარულის ღრმა გაგებითა და მისტიციზმით, წმინდა პაისიოსი მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდანებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წმინდანია. ის ძალიან პოპულარულია მართლმადიდებლურ სამყაროში, განსაკუთრებით საბერძნეთში, კვიპროსსა და რუსეთში.
თავისი ცხოვრების განმავლობაში წმინდანმა მრავალი ცნობილი პროგნოზი გააკეთა მსოფლიო მოვლენებთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით. მან დაწერა ოთხი წიგნი, რომლებიც გამოიცა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტრის მიერ.
წმიდა პაისიოსი გარდაიცვალა 1994 წელს, 69 წლის ასაკში. 2015 წელს მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდმა იგი წმინდანად შერაცხა. ეკლესია მისი სახელობის დღესასწაულს 12 ივლისს აღნიშნავს.
ყოველწლიურად ათასობით მომლოცველი მიემგზავრება თესალონიკში, რათა პატივი მიაგოს წმინდა პაისიოსს, რომლის საფლავიც წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მონასტერში მდებარეობს.
ვიდეო:
