ლოხ ნესის მონსტრი: ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ძებნა დაიწყო
ლოხ ნესის მონსტრის პოვნის მიზნით ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი სამძებრო სამუშაოების ჩასატარებლად მთელი მსოფლიოდან ასობით მოხალისე შეიკრიბა.
ეგრეთ წოდებული ლოხ ნესის ურჩხული ათწლეულების მანძილზე საიდუმლოებით იყო მოცული და ამ შაბათ-კვირას მოყვარული დეტექტივები მიიღებენ მონაწილეობას მითიური ურჩხულის ყველაზე დიდ ძიებაში 1972 წლიდან.
BBC-ის ცნობით, ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური გამოძიება ეგრეთ წოდებული “ლოხ ნესის მონსტრის”, ასევე ცნობილი როგორც “ნესის” შესახებ, გუშინ დაიწყო.
ტბაზე ინფრაწითელი კამერებით აღჭურვილ დრონებს და ჰიდროფონს გამოიყენებენ, უჩვეულო წყალქვეშა ხმების აღმოსაჩენად.
ლოხ ნესის ცენტრის და მოხალისთა კვლევითი ჯგუფის, სახელწოდებით Loch Ness Exploration ძალისხმევით დაგეგმილი ძიება დღეს დასრულდება.
ამბობენ, რომ ეს არის მონსტრის ყველაზე დიდი ძებნა მას შემდეგ, რაც ლოხ ნესის კვლევის ბიურომ ტბა შეისწავლა 1972 წელს.
დაახლოებით 300 ადამიანი დარეგისტრირდა შაბათ-კვირას დაგეგმილი მასშტაბური ძებნის პირდაპირ საყურებლად.
პოლ ნიქსონმა, ლოხ ნესის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა თქვა: „ცხოველი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საშიში არსებაა. ჩვენ ვართ ამ უნიკალური ისტორიის მცველები და, გარდა იმისა, რომ ჩავდებთ ინვესტიციას ვიზიტორებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შესაქმნელად, ჩვენ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ კვლევების გაგრძელებაში და გამოვავლინოთ საიდუმლოებები, რომლებიც იმალება ცნობილი ტბის წყლების ქვეშ. ეს ძიება იძლევა შესაძლებლობას, გამოვიკვლიოთ ტბა ისე, როგორც აქამდე არ გაკეთებულა.”
ლოხ-ნესის ურჩხული- ეს არის წყლის ურჩხული, რომელიც ლეგენდის თანახმად შოტლანდიაში მდებარე ლოხ-ნესის ტბაში ცხოვრობს.
პირველი წერილობითი საბუთი, სადაც ის ნახსენებია, დათარიღებულია 565 წლით. ეს არის წმინდა კოლუმბას ცხოვრება, სადაც ავტორი აღწერს ტბაში არსებულ, უზარმაზარ, ბაყაყის მსგავს ურჩხულს, რომლის განდევნაც წმინდა კოლუმბამ ლოცვით შეძლო.
მეცნიერები და ენთუზიასტები წლების განმავლობაში ცდილობდნენ, წყლის უზარმაზარი ქვეწარმავლის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება ეპოვათ, თუმცა უშედეგოდ.
