ბულგარეთის ვარდები: რატომ ხარჯავენ ლუი ვიტონი და ტომ ფორდი 15000 დოლარს კილოზე?
“ტომ ფორდი”, “გუჩი”-ეს ის ბრენდებია, რომლებსაც მაღალი ფასის გარდა აერთიანებს განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარული მასალის მიმართ, რომელიც გამორჩეულ არომატს ანიჭებს მათ სუნამოებს. ბულგარული ვარდის, ან სხვაგვარად Rosa Damascena-ს ზეთს ბევრი მოდის სახლი იყენებს და ამდიდრებს მის უნიკალურ პარფიუმერულ კოლექციებს. მხოლოდ 1 კილოგრამში ისინი 15000 დოლარს იხდიან.
მრავალრიცხოვანმა კვლევებმა აღმოაჩინეს და დაადასტურეს 300-ზე მეტი ნაერთის არსებობა ბულგარული ვარდის ზეთში, რაც მას ყველაზე რთულ ვარდად აქცევს სხვა ჯიშებთან შედარებით, ხოლო მისი ექსპორტი ახლო აღმოსავლეთში მე-7 საუკუნით თარიღდება.
მაგრამ როგორ მოხვდა ეს ეკლიანი ბუჩქი ბალკანეთის პატარა ქვეყნის მინდვრებიდან ყველაზე ძვირადღირებული და დახვეწილი პარფიუმერების სახელოსნოებში?
ძვირფასი ვარდის მარადიული მოგზაურობა
ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთი ბოლო ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, ფრანგმა რაინდებმა, რომლებიც სირიიდან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე გადადიოდნენ, თან მიიტანეს სურნელოვანი დამასკინის ვარდი. რბილი კლიმატის და ბულგარეთის კაზანლაკის რეგიონის ქვიშიანი ნიადაგების წყალობით, რომელიც დღეს ცნობილია როგორც “ვარდების ველი” – ამ ზეთის შემცველმა მცენარემ იქ იდეალური ეკოსისტემა იპოვა.
ისტორიული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ როზა დამასკინას მოყვანა და მისგან ზეთის გამოხდა დაიწყო მე-17 საუკუნეში, როდესაც ბულგარეთი ჯერ კიდევ ოსმალეთის მმართველობის ქვეშ იყო. ამ პერიოდში ყველაზე ნაყოფიერი მიწების მქონე ადგილებს ჩვეულებრივ ოსმალებს ხორბლისა და სიმინდის მოსაყვანად აძლევდნენ. ბულგარელებმა, რომლებსაც გადარჩენისთვის კრეატიულობის გამოჩენა მოუწიათ, ამ მცენარის მოშენება თავიანთი ხეობის ქვიშიან, უნაყოფო ნიადაგებზე დაიწყეს. თითქმის ოთხი საუკუნის შემდეგ, ბალკანეთის პატარა ქვეყანა ახლა Rosa Damascena ზეთის მსოფლიოში ყველაზე დიდი მწარმოებელია.

ბულგარული ვარდის ზეთი ახლა ყველაზე მაღალ ფასებს ფლობს ბაზარზე. 2019 წელს კილოგრამი ვარდის ზეთი ღირდა 8200-დან 9400 დოლარამდე, რაც მას ოქროზე ძვირად აქცევს. დღეს მისი ფასები იმავე რაოდენობაზე 10-დან 15 ათას დოლარამდე მერყეობს. ამიტომ მასალას “ბულგარეთის თხევადი ოქრო” უწოდეს. ფაქტობრივად, ვარდის ზეთის ბაზარი გაფართოვდა წლიური ზრდის ტემპით 6.8% 2019-დან 2025 წლამდე. ამ ზრდის მიზეზი არის მისი ხარისხი, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხდება მისი მოყვანა და გამოხდა, ასევე ვარდის ყვავილის უზარმაზარი რაოდენობა, რომელიც საჭიროა ზეთის წარმოებისთვის – ერთი კილოგრამი ზეთი დაახლოებით ხუთი ტონა ვარდის ყვავილს მოითხოვს.
ბულგარეთის ხეობიდან Louis Vuitton-ის შუშის ბოთლამდე.
ვარდის ზეთის მოპოვების გზა საუკუნეების მანძილზე არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი ტექნოლოგიის დახმარებით განვითარდა, ის მაინც ძირითადად ადამიანურ ფაქტორს ეყრდნობა. ასე რომ, როდესაც ბულგარეთის ხეობაში თენდება, მუშები დილის 5 საათზე გადიან, რათა სათითაოდ მოკრიფონ იმდენი ყვავილი, რამდენსაც შეძლებენ, რადგან ყველაზე გვიან, მხოლოდ დილის 10 საათამდე აქვთ დრო და წელიწადში მხოლოდ რამდენიმე კვირა – სანამ ვარდები გახმება და გამოუსადეგარი გახდება.

დილით ვარდების კრეფა ბულგარეთის ქალაქ სტრელჩასთან, სოფიიდან დაახლოებით 100 კილომეტრში.



იმის გამო, რომ ბულგარულ ვარდებს აქვთ განსაკუთრებით დაბალი ზეთის შემცველობა სხვა ვარდის ჯიშებთან შედარებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მათგან რაც შეიძლება მეტი ზეთის მოპოვება. მოსავლის აღება აუცილებელია დილით, რადგან რაც უფრო მეტი ყვავილი შეგროვდება დილის საათებში მით უკეთესი, რადგან ამ დროს ფურცლებს აქვთ ზეთის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია. ეს არის ასევე მთავარი პარამეტრი, რომელსაც საწარმოო პროცესის მენეჯერები და პერსონალი ითვალისწინებენ.
აწონილ ფურცლებს ათავსებენ დისტილაციურ ტომარაში. ათასობით ნაზ ვარდისფერ ფურცელს ურევენ წყალს და ადუღებენ. ამ პროცესის ყველა ეტაპი შემოწმებულია. ორთქლი ზუსტად ას ხუთი გრადუსი და წნევა 5,5 ატმ. ის ფაქტორებია, რომლებიც აუმჯობესებენ ვარდის ზეთის ხარისხს. ნარევი გადის დისტილაციის რამდენიმე პროცესს, სანამ ზეთი საბოლოოდ გამოიყოფა წყლისგან. საბოლოო ჯამში, 5000 კილოგრამამდე ბულგარული ვარდის ფურცლები უნდა მოიკრიფოს და გადამუშავდეს ერთი კილოგრამი ვარდის ზეთის მისაღებად.
ზეთის სულ მცირე სამი თვის განმავლობაში დაძველების შემდეგ, მასალა საბოლოოდ შეიძლება ჩაერთოს სუნამოებში. ბაზარზე არსებული, ძვირადღირებული პარფიუმერული სახლები, როგორიცაა Tom Ford და Louis Vuitton, აგრძელებენ მის გამოყენებას თავიანთი სუნამოების შესაქმნელად, მასზე მოთხოვნა კი მუდმივად იზრდება.
