მაგნისია: ხოროსტასში ხანძარმა ხანდაზმული ქალი იმსხვერპლა, მან ტერიტორიის დატოვება ვერ შეძლო
ტრაგედია დატრიალდა მაგნისიაში, სადაც ცეცხლი უკონტროლოდ მძვინვარებს. დღეს, შუადღისას, ხოროსტასის დასახლებაში ხანძარმა იმსხვერპლა ხანდაზმული ქალი, რომელსაც გადაადგილების პრობლემა ჰქონდა და ვერ შეძლო ცეცხლისგან თავის დაღწევა.
საზაფხულო სახლი, სადაც ის მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, სანაპიროსთან ძალიან ახლოს იყო, ირგვლივ ხმელი ბალახით გარშემორტყმული.
ვითარება კონტროლიდან გამოვიდა მას შემდეგ, როდესაც ქმარმა ცეცხლის ჩაქრობის გადაწყვეტილება მიიღო.
კერძოდ, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლების მითითებები შეესრულებინათ და ტერიტორიას მოშორებოდნენ, ის ხანძრის დანახვისას მის ჩაქრობას ცდილობდა. როდესაც მიხვდა, რომ ცეცხლს ვერ უმკლავდებოდა სცადა მანქანით გაქცეოდნენ ცეცხლს, მაგრამ უკვე გვიანი იყო.
ტერიტორიაზე ევაკუაციის განგაში ადრე გაიგზავნა, მაგრამ გარდაცვლილ ქალს ჭარბი წონის გამო გადაადგილება არ შეეძლო, მან ვერ შეძლო სახლიდან გარეთ გასვლა და ხანძარმა სახლთან ერთად იმსხვერპლა.
ქმარი ცოცხალი იპოვეს, ცოტა მოშორებით ხეებში, სადაც მანქანა იყო. როგორც ჩანს მან ძლიერი კვამლის გამო გონება დაკარგა. ის სუნთქვის პრობლემებით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.
პრესასთან საუბრისას ალმიროსის მერმა განაცხადა, რომ მან ტელეფონით აცნობა გარდაცვლილი ქალის ქმარს ტერიტორიის დატოვების შესახებ.
როგორც მან განმარტა, დასახლება მცირეა, სულ 7-8 ოჯახი ცხოვრობს, შემთხვევა კი ზღვიდან 5 მეტრში მოხდა.
ხანდაზმული ქალის გარდაცვალების შესახებ განცხადებას სახანძრო სამსახური ავრცელებს.
