რატომ ღებავდნენ კუნძულებზე სახლებს ლურჯად და თეთრად
მოგზაურობის თემატიკაზე ინტერნეტში ატვირთულ უამრავ ფოტოს შორის თუ ჩვენი ყურადღება ლურჯმა და თეთრმა ფერებმა მიიქცია, უკვე ვიცით რომ საბერძნეთის ულამაზესი კუნძულების ფოტოებს ვათვალიერებთ.
ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რატომ არის ბერძნულ კუნძულებზე სახლები ძირითადად ლურჯ და თეთრ ფერებში შეღებილი?
ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ამ ორი ფერის დომინირება სიმბოლურად დაკავშირებულია საბერძნეთის დროშის ფერებთან, სინონიმურად გაიგივებული ხმელთაშუა ზღვის სილამაზესთან და უღრუბლო, მზიან დღეებთან.
თუმცა, სინამდვილეში ბერძნული კუნძულების არქიტექტურის ამ თვალსაჩინო მახასიათებელს, სულ სხვა, პრაქტიკული მიზეზები აქვს.
საბერძნეთის კუნძულების მოსახლეობა ხის მასალის არარსებობის გამო სახლებს თავდაპირველად ქვისგან აშენებდა, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში, მუქი ფერის გამო მზის სინათლეს დიდი დოზით შთანთქავდა და გაუსაძლისად ცხელდებოდა.
აქედან გამომდინარე მაცხოვრებლებმა დაიწყეს ქვების თეთრად შეღებვა, რადგან თეთრი ფერი ხელს უშლის მზის სხივების შთანთქმას.
მეორე მიზეზი, რის გამოც სახლები თეთრად იღებებოდა, იყო ქოლერა.
1938 წელს საბერძნეთში ქოლერის ეპიდემია გავრცელდა.
მაშინდელმა ხელისუფლებამ სავალდებულოდ გამოაცხადა დაავადების შეჩერების მიზნით სახლების კირქვით შეთეთრება, რადგან კირქვა იმ დროისათვის არსებული ერთადერთი ხელმისაწვდომი სადეზინფექციო საშუალება იყო.
რაც შეეხება ლურჯ ფერს, რომლითაც ძირითადად სახლების კარებებს და დარაბებს ღებავენ კუნძულებზე,თუმცა თუ ბევრ კუნძულს შემოვივლით, ვნახავთ რომ გარდა ლურჯისა გამოყენებულია წითელი, მწვანე, ყავისფერი ფერები, მაგრამ ცოცხალი ლურჯი ფერი მაინც დომინირებს. საინტერესოა რატომ?
მიზეზი მხოლოდ საღებავის ფასი იყო. მეთევზეები და მეზღვაურები ღებავდნენ სახლებს ნავების შეღებვის შემდეგ მორჩენილი საღებავებით, ლურჯი კი იმ დროისათვის ჩვეულებრივ ყველაზე იაფი საღებავი იყო.
საბოლოოდ, კუნძულებზე სახლების ამგვარი შეფერილობა სავალდებულოც კი გახდა 1967 წლის სამხედრო დიქტატურის დროს, როგორც პატრიოტიზმის და ნაციონალიზმის ერთგვარი გამოხატულება.
მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ეს ვალდებულება აღარ არსებობს, ადგილობრივები მაინც აგრძელებენ სახლების ლურჯ- თეთრ ფერებში შეღებვას, რადგან ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ იზიდავს ბერძნული კუნძულები უამრავ მნახველს და რა ხდის მათ ესოდენ ცნობილს მთელს მსოფლიოში, ეს ნათელი, ორიგინალური და პოპულარული, ყველასგან გამორჩეული და განსხვავებული სახლებია.
