რა კითხვებს უსვამდნენ ძველი ბერძნები ორაკულებს
როგორც იმდროინდელი ფილოსოფოსების ჩანაწერები ადასტურებენ, ცნობისმოყვარე ძველი ბერძნები ხშირად სვამდნენ კითხვებს სამყაროსა თუ საკუთარი თავის შესახებ და ამავდროულად ზოგიერთ ასპექტში ისინი ჰგავდნენ თანამედროვე ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მომავლის გაგებას სხვადასხვა სახის მკითხავებისა თუ ექსტრასენსების საშუალებით ცდილობენ. ძველ დროში ბერძნები მომავლის შესახებ სასურველი პასუხების მისაღებად ორაკულებთან მიდიოდნენ.

ვრცელი კვლევების შემდეგ ჰელსინკის უნივერსიტეტის პროფესორმა მიკა კაჯავამ აღმოაჩინა რამდენიმე ყველაზე გავრცელებული კითხვა, რომელსაც ძველი ბერძნები უსვამდნენ ორაკულებს.
აღმოჩნდა, რომ ძველი ბერძნები ყოველდღიური საზრუნავით თუ სურვილებით დიდად არ განსხვავდებოდნენ თანამედროვე ბერძნებისგან.
მღვდელმთავარი პიტია, დელფის ორაკული
მღვდელმთავარი პიტია ყველაზე სახელგანთქმული ორაკული იყო, რომელსაც როგორც მეფეები,ისე უბრალო ხალხი უსვამდა კითხვებს სამომავლო გეგმების შესახებ და ელოდა პასუხს, თუ რას ფიქრობდნენ ღმერთები მასზე.

დელფის ორაკული იმდენად დატვირთული იყო, რომ თვის გარკვეულ დღეებში მასთან გასაუბრების მსურველების გრძელი რიგები დგებოდა, ხოლო მოგვიანებით მასთან ერთად რამდენიმე მღვდელმსახური ორაკული ერთდროულად მუშაობდა, თუმცა ისინი ფრთხილად უნდა ყოფილიყვნენ, თუ როგორ განმარტავდნენ დელფის ორაკულის ხშირად გაურკვეველ პასუხებს.

კითხვები ძირითადად ეხებოდა მომავალ მეუღლეებთან ბედნიერებას, ეყოლებოდათ თუ არა შვილები და იპოვიდნენ თუ არა კარგ სამუშაოს. სხვა საზრუნავი იყო კოლონიებში მომავალი მოგზაურობის უსაფრთხოება, ღმერთებისთვის მსხვერპლშეწირვა და ჯანმრთელობა. ეს იყო ის კითხვები, რომელსაც ძველი ბერძნები უსვამდნენ ორაკულებს და რომლებზეც ისინი ვერასოდეს იღებდნენ მკაფიო პასუხს, პასუხები ყოველთვის იდუმალი იყო.

ლიდიის მეფე კროისოსმა ჰკითხა ორაკულს, უნდა წასულიყო თუ არა მეზობელ სამეფოსთან ომში. ორაკულმა უპასუხა, რომ თუ ის ომში წავიდოდა, დიდი სამეფო დაეცემოდა. კროისოსმა იფიქრა რომ წინასწარმეტყველებაში მისი მტერი იგულისხმებოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს იყო მისი საკუთარი სამეფო.
