საბერძნეთის კულტურის სამინისტროს მიერ ასობით უნიკალური ექსპონატის სამშობლოში დაბრუნების მორიგი ეტაპი იგეგმება
საბერძნეთის კულტურის სამინისტროს მიერ ახლახანს გაკეთებული განცხადების თანახმად, უახლოეს მომავალში იგეგმება ქვეყნის ტერიტორიიდან საზღვარგარეთ გატანილი უნიკალური სიძველეების უკან, საბერძნეთში დაბრუნების პროცესი.
საუბარია სულ 351 ნაძარცვ ექსპონატზე და ისინი ნეოლითიდან დაწყებული ბიზანტიურ დრომდე თარიღდება.
სიძველეებს ფლობდა რობის საიმსის კერძო კომპანია რომელიც ამჟამად ლიკვიდაციის პროცესშია.
რობინ საიმსი არის ბრიტანელი სიძველეებით მოვაჭრე, მთავარი მოთამაშე საერთაშორისო კრიმინალურ ქსელში, რომელიც უკანონოდ ვაჭრობდა ნაძარცვი არქეოლოგიური საგანძურით.
სიძველეები, რომელიც ძირითადად დიდი რაოდენობით კერამიკული ნაწარმის ნაწილებს წარმოადგენს, ხანგრძლივი სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ საბერძნეთში დაბრუნდება. კულტურის მინისტრის განცხადებით საბერძნეთიდან გატანილი ექსპონატების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას 17 წელი დასჭირდა, დაწყებული 2006 წლიდან, როდესაც საბერძნეთის ხელისუფლებამ დაიწყო შპს Robin Symes-ის საქმიანობის შესახებ გამოძიების წარმოება ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.
მინისტრმა ხაზი გაუსვა კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებისა და არქეოლოგების, ასევე საბერძნეთის პოლიციისა და სასამართლო სისტემის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამსახურის მიერ გაწეულ ძალისხმევას აღნიშნულ საქმეში.
ექსპონატების კატალოგში შედის თეთრი ქვის ნეოლითის ეპოქის ქანდაკება (ძვ. წ. IV ათასწლეული), ადრეული ციკლადური (ძვ. წ. 3200-2700 წწ.) ფიგურა, არქაული კორის გატეხილი მარმარილოს ქანდაკება (ძვ. წ. 550-500 წწ.), ალექსანდრე მაკედონელის ქანდაკება ახალგაზრდა ასაკში (ახ. წ. II საუკუნის II ნახევარი) და არქაული მარმარილოს თავი კორე ან სფინქსი (ძვ. წ. 550-500 წწ.).
საბერძნეთმა გააძლიერა ძალისხმევა გაძარცული სიძველეების დასაბრუნებლად და 2021 წელს მან მოიგო სამართლებრივი დავა მილიარდერის მაიკლ სტეინჰარდტის კოლექციიდან გამოტანილი 47 ნაძარცვი ექსპონატის დაბრუნების საქმეზე.
სტეინჰარდტის კოლექციის სიძველეები წარმოადგენს ციკლადის კუნძულებიდან, კრიტიდან , ცენტრალური საბერძნეთიდან, სამოსიდან და როდოსიდან გატანილ უნიკალურ ექსპონატებს,რომელშიც შედის ბრინჯაოს ხმლები, ფიგურები, მინოსური სალოცავი, ბრინჯაოს გრიფინის ბიუსტი და კუროს ქანდაკება.
აღნიშნულ პიროვნებას როგორც ჩანს, განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდა საბერძნეთის, ისრაელისა და იტალიის მიმართ, რადგან მის 173 პუნქტიან კოლექციაში შედიოდა 138 სიძველე მხოლოდ ამ ქვეყნებიდან.
სიძველეებით უკანონო ვაჭრობა არის ტრანსნაციონალური დანაშაულის ფორმა, რომელიც აკავშირებს ძველი კულტურის ძეგლების ქურდობას გლობალური ხელოვნების ბაზრის ელიტარულ სამყაროსთან, ორგანიზებული დანაშაულის ქსელის მეშვეობით.
უძველესი წარსულის ნაშთების სილამაზისა და მათი სოციალური მნიშვნელობის გამო, ექსპონატებზე განსაკუთრებით დიდი მოთხოვნაა ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის ბაზრებზე.
ამის საპასუხოდ, სიძველეებით მდიდარმა ბევრმა ქვეყანამ გაამკაცრა და დანაშაულის რანგში აიყვანა თავისი დამოკიდებულება სიძველეებით უკანონოდ ვაჭრობასთან დაკავშირებით, რათა კულტურული მემკვიდრეობა შენარჩუნებულ იქნეს საზოგადოებისა და მომავალი თაობებისთვის.
თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ახლად აღმოჩენილ სიძველეებზე მაღალმა მოთხოვნამ და მათი მოპოვების ლეგიტიმური გზების არარსებობამ განაპირობა კრიმინალური მიწოდების ხაზების განვითარება მთელს მსოფლიოში.
