ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს
ხუთი ევროპული ქვეყანა რუანდაში მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის შექმნას გეგმავს
ევროკავშირის ხუთი წევრი სახელმწიფო: ავსტრია, გერმანია, დანია, საბერძნეთი და ნიდერლანდები რუანდასთან ერთად მიგრანტთა დაბრუნების ცენტრის (Return Hub) შექმნის შესაძლებლობას განიხილავს. ინიციატივის შესახებ ერთობლივი განცხადება ვენაში გაკეთდა, რომელსაც საბერძნეთის ემიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრი თანოს პლევრისი დაესწრო.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ავსტრიის კანცლერი კრისტიან შტოკერი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდერ დობრინდტი, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ტომ ბერენდსენი და რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრი ვინსენტ ბირუტა.
ინიციატივის მიზანია რუანდასა და ხუთ ევროპულ სახელმწიფოს შორის შეთანხმების მიღწევა და 2027 წლამდე მიგრანტთა პირველი გადაყვანის განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს დაბრუნების ცენტრის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს იმ პირების დაბრუნებას, რომლებიც ევროკავშირის აღნიშნულ ქვეყნებში არალეგალურად იმყოფებიან და რომელთა მიმართაც დაბრუნების აღსრულებადი გადაწყვეტილებაა მიღებული.
პროექტი შეეხება მხოლოდ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც არ აქვთ საერთაშორისო დაცვის საჭიროება ან სხვა სამართლებრივი საფუძველი მასპინძელ ქვეყანაში დარჩენისთვის. მათ შესაძლებლობა ექნებათ, ინტეგრირდნენ რუანდის საზოგადოებაში ან ნებაყოფლობით დაბრუნდნენ წარმოშობის ქვეყანაში, ასევე ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში, სადაც კანონიერად შესვლისა და ცხოვრების უფლება აქვთ. აღნიშნულ პროცესში მათ მხარდაჭერას გაუწევენ რუანდა და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ინიციატივის განხორციელება იგეგმება ევროკავშირის, საერთაშორისო და რუანდის კანონმდებლობის, მათ შორის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის სრული დაცვით. პროცესში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს ევროკომისია, ხოლო ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას უზრუნველყოფენ ემიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR).
საბერძნეთის ემიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრმა თანოს პლევრისმა განაცხადა, რომ არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა და ადამიანთა უკანონო გადაყვანის ქსელების დაშლა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისი თქმით, დაბრუნების ცენტრების შექმნა ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციული ნაკადების შემცირებას და დაბრუნების მაჩვენებლის ზრდას.
