საბერძნეთი: ახალი ელ.პლატფორმა უკანონოდ გაჩერებულ მანქანებს აფიქსირებს
საბერძნეთი: ახალი ელ.პლატფორმა უკანონოდ გაჩერებულ მანქანებს აფიქსირებს
საბერძნეთში ახალი ელ.პლატფორმა xorisempodia.gr მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რუკაზე დააფიქსირონ ავტომობილები, რომლებიც ბლოკავენ ტროტუარებს, შშმ პირებისთვის განკუთვნილ პანდუსებსა და ქვეითთა გადასასვლელებს.
2026 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, პლატფორმაზე უკვე 2 600-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის, 1 777 ეხებოდა ტროტუარების, 579 შშმ პირთა პანდუსებისა და 258 ქვეითთა გადასასვლელების დაბლოკვას. პლატფორმის მეშვეობით თითქმის 1 700 SMS გადამისამართდა პოლიციის ნომერზე 100.
მომხმარებელი რუკაზე უთითებს დარღვევის ადგილს და ირჩევს დაბრკოლების ტიპს. აღსანიშნავია, რომ მანქანის ფოტოს ან ავტომობილის სანომრე ნომრის მითითება აუცილებელი არ არის. სურვილის შემთხვევაში პლატფორმა ამზადებს SMS-ს პოლიციისთვის, თუმცა შეტყობინება ავტომატურად არ იგზავნება. მომხმარებელი თავად ამოწმებს ინფორმაციას და აგზავნის მას.
პლატფორმის იდეის ავტორია პროგრამისტი დიმიტრის მუსტაკასი. მისი თქმით, იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ეტლით მოსარგებლე მეგობართან ერთად ათენში გადაადგილებისას დაინახა რამდენად სერიოზულ დაბრკოლებას ქმნის დაბლოკილი პანდუსი და ტროტუარი.
ინიციატივას მნიშვნელობას სძენს საბერძნეთის ახალი საგზაო კოდექსიც (Ν. 5209/2025), რომელიც კრძალავს ავტომობილის გაჩერებას ქვეითთა გადასასვლელებზე, მათთან 5 მეტრზე ნაკლებ მანძილზე და ტროტუარებზე. შშმ პირთა პანდუსების დაკავებისთვის გათვალისწინებულია უფრო მკაცრი სანქციებიც.
xorisempodia.gr სახელმწიფო აპლიკაცია არ არის და რუკაზე შეტანილი ჩანაწერი ოფიციალურ საჩივარს ან ჯარიმას ავტომატურად არ ნიშნავს. მისი მთავარი მიზანია უკანონო პარკირების შესახებ მოქალაქეების მიერ შეგროვებული ინფორმაციის ერთიან, საჯარო რუკად ქცევა და პრობლემური ადგილების გამოვლენა.
