Latest news
ანტონიო კოსტა: კვიპროსის გაერთიანება ევროპისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს სპიროს ხრისიკოპულოსი პირველი ადამიანია, რომელიც საბერძნეთიდან იტალიამდე ცურვით ჩავიდა რა არის ელ-ნინიო და ექნება თუ არა გავლენა საბერძნეთზე მარათონა: სარდაფში 90 წლის წალის ცხედარი იპოვეს საბერძნეთი: დასავლეთ ნილოსის ვირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი მატულობს გარდაიცვალა ევი ღატიდუს დედა - სტუდენტი, რომელიც 1997 წელს სასტიკად მოკლეს რომელი პროფესიები გვაძლევს შრომის ბაზარზე სწრაფად შესვლის შესაძლებლობას ათენი: სად იგეგმება ყველაზე დიდი მიწისქვეშა პარკინგის აშენება Marfin-ის საქმე: პროკურორი 46 წლის ბრალდებულის წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას ეწინააღმდეგება 2026 წელს საბერძნეთში ქირის ღირებულება კიდევ გაიზარდა
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: ცვლილებები სკოლებში – ვის შეეხება ახალი სისტემა

საბერძნეთი: ცვლილებები სკოლებში – ვის შეეხება ახალი სისტემა

ეროვნული ატესტატი, შეფასების ახალი მოდელი, ციფრული სერტიფიკატი და ხელოვნური ინტელექტის უფრო აქტიური გამოყენება იქნება საბერძნეთის განათლების სისტემის მნიშვნელოვანი ცვლილებებისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯის ნაწილი. რა შეიცვლება ლიცეუმში, როგორ შეიძლება დაითვალოს მოსწავლის საბოლოო შედეგი და შეეხება თუ არა ეს ცვლილებები უკვე ლიცეუმში მყოფ მოსწავლეებს?

„დღევანდელი მოსწავლიდან ხვალინდელ მოქალაქემდე“ – ამ იდეით საბერძნეთის განათლების სამინისტრო ახალი საგანმანათლებლო რეფორმის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს იწყებს.

განათლების მინისტრმა სოფია ზახარაკიმ 2026 წლის 2 სექტემბერს ათენის კონსერვატორიაში „ახალი სკოლის ხედვა“ წარადგინა. დაგეგმილი ცვლილებები მხოლოდ ლიცეუმსა და ეროვნულ გამოცდებს არ ეხება. სამინისტროს ხედვით, ცვლილებების მიზანია შეიცვალოს სასწავლო პროგრამა და მოსწავლეთა შეფასების სისტემა.

რეფორმის ცენტრში ეროვნული ატესტატია.

დღეს საბერძნეთში უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ეროვნული გამოცდების შედეგებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამის გამო ლიცეუმის ბოლო, მესამე წელი ხშირად თითქმის მთლიანად გამოცდებისთვის მზადებას ეთმობა.

ახალი მოდელის იდეა კი სწორედ ამის შეცვლაა. მოსწავლის საგანმანათლებლო გზა უფრო მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა იქცეს და საბოლოო შეფასება მხოლოდ ერთი გამოცდის შედეგზე აღარ იყოს დამოკიდებული.

ამ ეტაპზე განიხილება ისეთი მოდელი, რომელშიც ლიცეუმში მიღებული შეფასებები და საბოლოო გამოცდები ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული. თუმცა საბოლოო ფორმულა ჯერ დამტკიცებული არ არის.

განათლების სამინისტროს ექსპერტთა კომიტეტი განიხილავს გაითვალისწინებენ თუ არა ლიცეუმის პირველი კლასის შედეგებს, თუ ეროვნული ატესტატის ფორმირებაში ძირითადად მეორე და მესამე კლასების შეფასებები შევა.

მინისტრ სოფია ზახარაკის განცხადებით, პირველი კლასი მოსწავლისთვის გარკვეულწილად გარდამავალი პერიოდია, რის გამოც მისი საბოლოო შედეგში ჩართვის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის საგანია.

შესაბამისად, ჯერ-ჯერობით არ არსებობს საბოლოო გადაწყვეტილება არც კლასების მიხედვით შეფასებებზე და არც კონკრეტულ კოეფიციენტებზე.

სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გეგმა არ ითვალისწინებს ეროვნული გამოცდების დაუყოვნებლივ გაუქმებას. საუბარია გამოცდების როლის ეტაპობრივ ცვლილებაზე და შეფასების უფრო ფართო სისტემის შექმნაზე.

ჯერ კიდევ განიხილება რამდენიმე განსხვავებული სცენარი, მათ შორის ეროვნული ატესტატის შედეგების გამოყენება უნივერსიტეტში მიღების პროცესში. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

რეფორმის კიდევ ერთი სიახლე ციფრული სერტიფიკატის შექმნაა.

მისი საშუალებით მოსწავლის საგანმანათლებლო გზა და შეფასებები ეტაპობრივად დაფიქსირდება. სამინისტროს იდეით, მოსწავლეებმა და ოჯახებმა წინასწარ უნდა იცოდნენ რა წესებით ფასდებიან და როგორ შეიძლება აისახოს მათი შედეგები მომავალში.

განათლების სამინისტროს განცხადებით, რეფორმა არ შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც დღეს უკვე ლიცეუმში სწავლობენ და ეროვნული გამოვდებისთვის ემზადებიან.

ცვლილებების ეტაპობრივი ამოქმედება იგეგმება უფრო დაბალი კლასების მოსწავლეებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია დღეს დაწყებით სკოლასა და გიმნაზიაში მყოფ ბავშვებზე.

მოსწავლეებს, რომლებმაც უკვე დაიწყეს ლიცეუმში სწავლა, არ უნდა შეეცვალოთ გამოცდებთან დაკავშირებული წესები სწავლის პროცესში. ახალი მოდელის ამოქმედებას წინ უნდა უძღოდეს გარდამავალი პერიოდი.

ეროვნულ ატესტატთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაცია 2026 წლის 22 სექტემბერს დაიწყება.

შემდეგი ეტაპებია:

  • 12 ოქტომბერი – მიღებული მოსაზრებებისა და წინადადებების პირველი შეჯამება;
  • 31 ოქტომბერი – საჯარო კონსულტაციის დასრულება;
  • 10–12 ნოემბერი – ექსპერტთა კომიტეტის მიერ შედეგების დამუშავება;
  • 2026 წლის დეკემბერი – 2027 წლის იანვარი – საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენის ეტაპი.

განათლების სამინისტროს გეგმა მხოლოდ ეროვნული ატესტატით არ შემოიფარგლება. წარმოდგენილი ხედვა ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს.

პირველი – თანამედროვე და მოსწავლისთვის საინტერესო სასწავლო გარემო. საუბარია სკოლის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო პირობების გაუმჯობესებაზე.

მეორე – ახალი უნარები და ხელოვნური ინტელექტი. მოსწავლეებს არა მხოლოდ ინფორმაციის მიღება, არამედ მისი სანდოობის შეფასება, კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, თანამშრომლობა და ტექნოლოგიების სწორად გამოყენება უნდა შეეძლოთ.

მესამე –  წარმატებული კარიერისკენ მიმავალი რამდენიმე გზა. სამინისტროს ხედვით, წარმატება მხოლოდ უნივერსიტეტში ჩარიცხვას არ უნდა ნიშნავდეს. მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს პროფესიულ განათლებას, ტექნიკურ სპეციალობებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამის უნარებს.

მეოთხე – „სკოლა ყველა ბავშვისთვის“. აქცენტი კეთდება ინკლუზიურ განათლებაზე, თანაბარ შესაძლებლობებსა და რეგიონებსა და სხვადასხვა სკოლას შორის არსებული უთანასწორობის შემცირებაზე.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *