საბერძნეთი: ეკლესია სასულიერო პირების სოც.ქსელებში აქტიურობის წესების განსაზღვრას ცდილობს
საბერძნეთი: ეკლესია სასულიერო პირების სოც.ქსელებში აქტიურობის წესების განსაზღვრას ცდილობს
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიამ სასულიერო პირების სოციალურ ქსელებში, მათ შორის TikTok-სა და Instagram-ზე, აქტიურობის საკითხი განიხილა. 7 ოქტომბერს, იერარქიის სხდომაზე, ხალკიდის მიტროპოლიტმა ხრისოსტომოსმა სასულიერო პირებისთვის ციფრულ სივრცეში ქცევის პრინციპების ჩამოყალიბების გეგმა წარადგინა.
ეკლესიის პოზიცია არ ითვალისწინებს არც ტექნოლოგიებისგან იზოლაციას და არც სოციალური ქსელების წესების დაუფიქრებელ მიღებას. სასულიერო პირებს მოუწოდებენ, გადაამოწმონ გავრცელებული ინფორმაცია, თავი შეიკავონ შეურაცხმყოფელი და აგრესიული კომენტარებისგან და არ გაასაჯაროონ პირადი ან სულიერი საუბრების შინაარსი.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სასულიერო პირების პოპულარობასაც. ეკლესიის შეფასებით, სოციალური ქსელები არ უნდა იქცეს სასულიერო პირის პირადი „ბრენდის“ შექმნის საშუალებად. ციფრული აქტიურობის მიზანი ეკლესიასთან და ქრისტიანულ სწავლებასთან კომუნიკაცია უნდა იყოს და არა მხოლოდ გამომწერებისა და ნახვების რაოდენობის გაზრდა.
მიტროპოლიტმა ასევე აღნიშნა, რომ სასულიერო პირი ვალდებული არ არის ყველა საზოგადოებრივ ან პოლიტიკურ მოვლენაზე საჯაროდ გამოხატოს საკუთარი აზრი. საჭიროების შემთხვევაში დუმილი და ინფორმაციის გადამოწმება უფრო მისაღები პოზიციაა.
ამრიგად, ეკლესია სოციალური ქსელების გამოყენებას არ კრძალავს, თუმცა ცდილობს, სასულიერო პირების ონლაინ აქტიურობას მკაფიო ეთიკური და ეკლესიური ჩარჩო დაუწესოს.
