Latest news
ფილიპოს კაბურისი და მისი მეუღლე თაღლითობის ბრალდებით დააკავეს სატელეფონო და ელექტრონული თაღლითობა მკაცრად დაისჯება - რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია ტების ტრაგედიაში დაღუპული 18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ ტემპის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ჩვ... ზოი კონსტანტოპულუმ სიმღერა “სიცოცხლე ცხოვრების საჩუქარია” შეასრულა საბერძნეთი: სკოლების ბუფეტების ფუნქციონირების ახალი წესები ამოქმედდა ღრევენაში გაუჩინარებული 27 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს საბერძნეთი: მასწავლებლები გაფიცვას აცხადებენ რატომ წაშალა იოანნა ღაკამ გიორგოს მაზონაკისთან მიმოწერა კრეტა: ძლიერი წვიმის შედეგად საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა პირეა: მეთევზეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ
სამშაბათი, ოქტომბერი 6, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

ტების ტრაგედიაში დაღუპული 18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ ტემპის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ჩვენება მისცა

ტების ტრაგედიაში დაღუპული 18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ ტემპის ტრაგედიის საქმეზე სასამართლოში ჩვენება მისცა

18 წლის ანასტასია პაპაგელის მამამ, ილიას პაპაგელისმა ტების ტრაგედიასთან დაკავშრებულ სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცა. ანასტასია 2023 წლის 28 თებერვალს, ტების სარკინიგზო კატასტროფის შედეგად დაიღუპა.

პაპაგელისი სასამართლოში ქალიშვილის დიდი, ჩარჩოში ჩასმული ფოტოსურათით მივიდა და მოსამართლეებს მისი ფოტო უჩვენა: „ეს არის ჩემი ანასტასულა.“

ჩვენების დასაწყისში მან განაცხადა, რომ სასამართლოში „სრული პატივისცემით სასამართლოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“ მივიდა. მისი თქმით, ოჯახს ოთხი შვილი ჰყავდა და კვლავ ოთხი შვილი ჰყავს, თუმცა მათი ცხოვრება კატასტროფამდე და კატასტროფის შემდეგ ორ ნაწილად გაიყო.

მან ანასტასიას „ანგელოზი“ უწოდა, რომელიც ოჯახთან 18-ნახევარი წლის განმავლობაში იყო.

„მისგან არცერთი უსიამოვნო მომენტი არ მახსენდება. იმ ღამეს ყველაფერი თავზე ჩამოგვენგრა. ყველაფერი შეიცვალა“, – თქვა მან.

გარდაცვლილის მამამ გაიხსენა კატასტროფის შემდეგ პირველი საათები. ოჯახმა ტელევიზიით და პირადი შეტყობინებებით შეიტყო, რომ ავარია მოხდა. ანასტასია ტელეფონზე არ პასუხობდა და ოჯახმა მალევე გააცნობიერა, რომ შესაძლოა რაღაც სერიოზული მომხდარიყო.

ისინი დაუყოვნებლივ გაემართნენ ლარისაში. დაახლოებით ღამის 3:30 საათზე საუნივერსიტეტო საავადმყოფოში მივიდნენ, თუმცა დაშავებულთა სიაში ანასტასიას სახელი არ აღმოჩნდა. იგივე მოხდა ლარისის გენერალურ საავადმყოფოშიც. მოგვიანებით ოჯახს დნმ-ის ნიმუშის ჩაბარება მოსთხოვეს.

„ამ დროისთვის ჩვენი იმედი უკვე თანდათან ქრებოდა“, — განაცხადა პაპაგელისმა.

განსაკუთრებით ემოციურად გაიხსენა მან სხვა შვილების ზარები: „არასოდეს დამავიწყდება ხრისტინას და ღოღოს ზარები. მეკითხებოდნენ: ანასტასიას უკან თუ მივუყვანდი.

რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახმა შეიტყო, რომ ანასტასია იდენტიფიცირებული იყო და მისი ცხედარი ათენში გადაესვენებინათ. დაკრძალვის ბიუროში ოჯახს გადასცეს ჩანთა, რომელშიც გოგონას ფეხსაცმელი და საყურეები იდო.

„დავინახეთ თეთრი კუბო, ჩავეხუტეთ და ვიკითხეთ, შეიძლებოდა თუ არა მისი ნახვა. გვითხრეს, რომ აკრძალული იყო. კუბო სილიკონით იყო დალუქული. პატივი მივაგეთ და წამოვედით. უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ“, — გაიხსენა მამამ.

პაპაგელისმა ასევე ისაუბრა ტების პოლიციის განყოფილებაში მისვლის შესახებ, სადაც ქალიშვილის ნივთები უნდა აეღო. მისი თქმით, იქ სისხლისა და ჟანგის მსგავსი სუნი იგრძნობოდა.

მან ასევე ისაუბრა კატასტროფის ადგილზე არსებულ ვითარებაზე და განაცხადა, რომ მისი შეფასებით, ტერიტორია მნიშვნელოვნად იყო შეცვლილი. აფეთქების შემდეგ წარმოქმნილ ცეცხლის ბურთთან დაკავშირებით მან თქვა, რომ თავდაპირველად რადიოაქტიური ნივთიერების არსებობისაც ეშინოდა, თუმცა მისი თქმით, „დემოკრიტოსის“ მიერ ჩატარებულმა გაზომვებმა ეს შესაძლებლობა გამორიცხა.

ჩვენების მნიშვნელოვანი ნაწილი სარკინიგზო უსაფრთხოების სისტემებს დაეთმო. პაპაგელისის თქმით, მან დაიწყო შესაბამისი ხელშეკრულებების შესწავლა და აღმოაჩინა, რომ სარკინიგზო ქსელში სიგნალიზაციისა და უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟება იყო გათვალისწინებული.
„რატომ არსებობდა ამდენი ვადაგადაცილება?“ – იკითხა მან.

მისი თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა ორი მატარებელი დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში შეჯახების კურსზე ყოფილიყო და ამის შესახებ არავის სცოდნოდა.

„იმ ღამეს არაფერი მუშაობდა“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მაღალი დატვირთვის მქონე სადგურზე მორიგე სადგურის უფროსი მარტო იმყოფებოდა.

პაპაგელისმა არსებული მდგომარეობა „ავადმყოფ სისტემად“ შეაფასა და განაცხადა, რომ სწორედ ასეთი სისტემური პრობლემები ქმნის პირობებს მძიმე კატასტროფებისთვის.

მან ასევე გამოთქვა პრეტენზიები კატასტროფის ადგილის დაცვასა და შემდგომ მართვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ტერიტორია სათანადოდ არ იყო დაცული და იქ დაცვის სპეციალური აღჭურვილობის გარეშე ადამიანებიც გადაადგილდებოდნენ.

„ამ დანაშაულის ადგილზე არც ერთი პროტოკოლი არ იყო დაცული და ჩვენ ვეკითხებით საკუთარ თავს – რატომ?“ – განაცხადა მან.

რაც შეეხება სატვირთო მატარებელს, პაპაგელისმა გამოთქვა ვარაუდი, რომ მას გარკვეული მასალა გადაჰქონდა, თუმცა მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც ამ მოსაზრებას დაადასტურებდა. მისი თქმით, კატასტროფის ადგილზე განხორციელებულმა ჩარევებმა ცეცხლის წარმოშობის მიზეზების გამოძიება გაართულა და მან ეს პროცესი „საქმის მიჩქმალვად“ შეაფასა.

პაპაგელისმა ასევე გაიხსენა დაღუპულთა ოჯახის წევრების შეხვედრა იმდროინდელ უზენაესი სასამართლოს პროკურორ გეორგია ადელინისთან. მისი თქმით, ოჯახის წევრებმა მაღალი რანგის პოლიტიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შესაძლებლობის შესახებ იკითხეს, რაზეც მათ განუმარტეს, რომ არსებული სამართლებრივი ჩარჩო პოლიტიკურ პირებთან მიმართებით მართლმსაჯულების შესაძლებლობებს ზღუდავდა.

მან კრიტიკულად შეაფასა პრემიერ-მინისტრის ტრაგედიის შემდეგ გაკეთებული განცხადებაც, განსაკუთრებით კი მომხდარის „ადამიანურ შეცდომად“ თავდაპირველი შეფასება: „როგორ მოასწრო პრემიერმა ყველაფრის შესწავლა და ასეთ დასკვნამდე მისვლა?“ – იკითხა მან.

მისი შეფასებით, საქმე მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანზე პასუხისმგებლობის საკითხს არ ეხება და მას უფრო ფართო პოლიტიკური და სისტემური განზომილება აქვს.

ჩვენების დასასრულს პაპაგელისმა მწვავედ გააკრიტიკა Hellenic Train და განაცხადა: „ყოველ საღამოს Hellenic Train სალაროს ითვლიდა. მაგრამ სალაროებთან ერთად მან ქვეყნის სასაფლაოებიც შეავსო.“

და ბოლოს დაამატა: „ადამიანის სიცოცხლეს, როგორც ღირებულება, ბოლოს ითვალისწინებენ. პირველ ადგილზეა ბიზნესი, პირველ ადგილზეა ეკონომიკური მაჩვენებლები.“

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *