ფინლანდია: დააკავეს კაცი, რომელსაც 361 არასრულწლოვანი ბიჭის სექსუალურ ექსპლუატაციაში ედება ბრალი
ფინლანდია: დააკავეს კაცი, რომელსაც 361 არასრულწლოვანი ბიჭის სექსუალურ ექსპლუატაციაში ედება ბრალი
ფინეთში სასამართლოს წინაშე წარდგა კაცი, რომელსაც 9-დან 15 წლამდე ასაკის 361 არასრულწლოვანი ბიჭის სექსუალურ ექსპლუატაციაში ედება ბრალი. გამოძიების ხელთ არსებული ინფორმაციით, ის ბავშვებთან სოციალურ ქსელებში, მათ შორის Snapchat-ის საშუალებით, ამყარებდა კონტაქტს და მათ ინტიმური ფოტოებისა და ვიდეოების გაგზავნას სთხოვდა.
ბრალდებულს ედავებიან არასრულწლოვნების მიმართ განსაკუთრებით მძიმე სექსუალურ ძალადობასა და არასრულწლოვნების ამსახველი სექსუალური ხასიათის მასალის გავრცელებასთან დაკავშირებულ დანაშაულებს.
საქმე 2019-2022 წლებში მომხდარ ფაქტებს ეხება. მსხვერპლი ბიჭები ფინეთის სხვადასხვა რეგიონში ცხოვრობდნენ.
ფინეთის პოლიციამ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 2022 წელს დაიწყო, როდესაც სხვა სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულის ტელეფონი ამოიღეს. მოწყობილობაში ათასობით უცნობი ბავშვის ფოტო და ვიდეო აღმოაჩინეს.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ბავშვებს Snapchat-ის საშუალებით უკავშირდებოდა და სთხოვდა, მისთვის საკუთარი შიშველი ან ნაწილობრივ ჩაცმული ფოტოები და ვიდეოები გაეგზავნათ. პოლიციის ინფორმაციით, ის მათ ასევე სექსუალური ხასიათის ქმედებების შესრულებას სთხოვდა.
2025 წლის დეკემბერში პოლიციამ განაცხადა, რომ 27 წლის ბრალდებული 364 სექსუალურ დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი. მოგვიანებით, პროკურატურამ სამი საქმის ნაწილში ბრალდების წაყენება არ ჩათვალა საჭიროდ, რის შედეგადაც სასამართლოში 361 შემთხვევა განიხილება.
სასამართლო პროცესი დაახლოებით 45 სხდომას მოიცავს და მიმდინარე წლის ბოლომდე ან უფრო დიდხანს გაგრძელდება. საქმის სენსიტიური ხასიათის გამო, პირველი საჯარო სხდომის შემდეგ განხილვების დიდი ნაწილი დახურულ დარბაზში გაიმართება.
