ღეორღიადის: იმედია დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯება – აუცილებლად მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას
ღეორღიადის: იმედია დამნაშავე სამაგალითოდ დაისჯება – აუცილებლად მოვითხოვთ ზიანის ანაზღაურებას
საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრის, ადონის ღეორღიადისის განცხადებით, ათენის სიზმანოღლიოს საავადმყოფოში გაჩენილი ხანძარი განზრახ იყო გამოწვეული. მისივე ინფორმაციით, პაციენტმა, რომელიც ხანძრის გაჩენამდე ცოტა ხნით ადრე პალატიდან გავიდა, აღიარა, რომ ცეცხლი განზრახ გააჩინა. ხანძრის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.
მინისტრმა აღნიშნა, რომ შემთხვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ეჭვი სწორედ აღნიშნულ პაციენტზე მიიტანა. მისი თქმით, სახელმწიფო სასამართლოში მოითხოვს როგორც დამნაშავის, ისე მისი ოჯახისგან მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.
ადონის ღეორღიადისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხანძრის შედეგად საფრთხე შეექმნა 36 პაციენტის სიცოცხლეს და მხოლოდ საავადმყოფოს პერსონალის, სახანძრო სამსახურის სწრაფი რეაგირებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების გამართულად მუშაობის წყალობით თავიდან იქნა აცილებული მძიმე ტრაგედია.
მინისტრის განცხადებით, სავარაუდო დამნაშავე შესაძლოა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე დაყრდნობით შეეცადოს თავის დაცვას. თუმცა, მისი თქმით, საავადმყოფოს პერსონალის ინფორმაციით, პაციენტს ფსიქიატრიული დიაგნოზი არ ჰქონდა და მსგავსი მიზეზით მკურნალობას არ გადიოდა. მინისტრმა მომხდარს „შოკისმომგვრელი და წარმოუდგენელი“ ფაქტი უწოდა და განაცხადა, რომ დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი.
