ჩინეთი: ზოოპარკი უარყოფს, რომ მათი დათვები ფორმაში ჩაცმული ადამიანები არიან
აღმოსავლეთ ჩინეთის ზოოპარკმა უარყო გავრცელებული ეჭვი, რომ მათი ზოგიერთი დათვი შესაძლოა სულაც არ არის დათვი და სინამდვილეში კოსტუმში გამოწყობილი ადამიანია, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც ერთ-ერთი მათგანი უკანა ფეხებზე დგას. ბევრმა აღნიშნა, რომ მისი თხელი ფეხები და ბეწვის ნაკეცები ძალიან ჰგავდა ადამიანისას, რომელიც განასახიერებს დათვს.
ზოოპარკის წარმომადგენლების განცხადებით, როცა საქმე დათვებს ეხება, პირველი რაც ადამიანს თვალწინ წარმოუდგება არის უზარმაზარი სხეული და საოცარი ძალა, მაგრამ ყველა დათვი არ არის უზარმაზარი, ეს არის მსოფლიოში ყველაზე პატარა, მალაიზიური დათვების ჯიში, რომლებსაც აქვთ სხვა ჯიშის დათვებისგან განსხვავებით სხეულის შედარებით მცირე ზომები და საფრთხეს არ წარმოადგენენ ადამიანისთვის. მალაიზიური დათვები დიდი ძაღლების ზომის არიან. ორ ფეხზე დგომისას მათი სიმაღლე 1,3 მეტრს აღწევს.
ზოოპარკის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ცხოველი ნამდვილია და რომ მსგავსი ფაქტი დაუშვებელია ზოოპარკში, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა. გარდა ამისა, მისი თქმით, სიცხეში დათვის კოსტუმში გამოწყობილი ადამიანი გულის წასვლამდე მხოლოდ რამდენიმე წუთს გაძლებდა.
ზოოპარკის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით აღნიშნული ფაქტის გამო დაიგეგმება ვიზიტი დათვების სანახავად სპეციალურად პრესის წარმომადგენლებისთვის, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი ნამდვილები არიან.
აღსანიშნავია, რომ მანამდე იყო შემთხვევები, როდესაც სხვა, ასევე ჩინურ ზოოპარკებს ადანაშაულებენ იმაში, რომ მათი ძაღლები ჰგავდნენ მგლებს, ვირები კი ზებრებს!
