თანამედროვე “მიდას ბაღები” ნაუსაში: მრავალსაუკუნოვანი ჭადრების ტყე, ცაცხვის ხეები და კამკამა წყლები
თანამედროვე “მიდას ბაღები” ნაუსაში: მრავალსაუკუნოვანი ჭადრების ტყე, ცაცხვის ხეები და კამკამა წყლები
წმინდა ნიკოლოზის საუკუნოვანი ჭადრების ტყე არაპიცას განთქმული კამკამა წყლების თანხლებით.

ეს არის თვალწარმტაცი ნაუსას ყველაზე ცნობილი ადგილი, რომელიც ფერიებისა და წყლის ნიმფების სამფლობელოს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას.
ნახატის მსგავსი, ეს თვალწარმტაცი ბუნება, სწორედ ის ადგილია, სადაც ჰეროდოტემ განათავსა ცნობილი “მიდას ბაღები” სურნელოვანი ექვსფურცლიანი ვარდებით. ცნობილია, წმინდა ნიკოლოზის კორომმა, რომლის ფართობიც დაახლოებით 2 კვ.კმ – ია, არა მხოლოდ ქალაქ ნაუსას, არამედ მთლიანად საბერძნეთს გაუთქვა სახელი და დამსახურებულად მოიპოვა უმაღლესი ევროპული ჯილდოები, რის შედეგადაც ის, ევროპის საბჭოს მიერ დასახელებული ისტორიული ღირსშესანიშნაობების სამარშრუტო ქსელის წევრი გახდა.

არაპიცას წყლების სევდიანი ისტორია 1822 წლის აპრილს უკავშირდება. თურქების შემოსევის დროს, როდესაც მათ ქალაქი გადაწვეს, იმისათვის, რომ ქალები და ბავშვები მტერს არ ჩავარდნილიყვნენ ხელში, სწორედ ამ წყალში გადახტნენ… მუნიციპალიტეტის ოფიციალური სახელწოდება ,,ნაუსა“ და მისი ,,გმირ ქალაქად“ აღიარება, საბერძნეთის უახლესი ისტორიის დამსახურებაა. წმინდა ნიკოლოზის კორომს, რომელსაც ადგილობრივები უბრალოდ „აგიოს ნიკოლაოსს“ უწოდებენ, მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მოსახლეობა განტვირთვისა და დასვენებისთვის სტუმრობს მას.

ბუნებრივი ლანდშაფტი მრავალსაუკუნოვანი ტყით, ცაცხვებითა და მუხის ხეებით და მაღლობიდან ჩამომდინარე არაპიცას ხმაურიანი წყლები გასაოცარ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და გულგრილს არავის ტოვებს. ,,აგიო ნიკოლაოსის“ კორომი, წლის ყოველი სეზონზე თავისი ფერებით, ხმოვანებითა და სურნელოვნებით, მიწიერ სამოთხეს მოგაგონებთ. კორომის საერთო ფართობი 60 ჰექტარს აღწევს.

დაახლოებით კორომის ცენტრში მდებარეობს წმინდა ნიკოლოზის პატარა ეკლესია, რომელიც ყოველწლიურად, 6 დეკემბერს ზეიმობს წმინდანის სახელობის დღეს. ეკლესიის გვერდით პატარა ხელოვნური ტბაა, სადაც ფერადფრთიანი იხვები და ულამაზესი კალმახები დაცურავენ. ასფალტირებული ბილიკსა და ხის პატარა ხიდებს არაპიცას წყაროს გამაგრილებელ წყლებამდე მივყავართ. ვერმიონის ძირში კი, თქვნ ნახავთ პატარა ფერმას, სადაც მწყერებს, სხვადასხვა ფრინველებსა და, თუ გაგიმართლათ, გარეულ ღორს, შვლებსა და ირმებსაც შეხვდებით..

კორომი ადგილობრივი მოსახლეობის საყვარელი სპორტული ადგილიცაა. როგორც ბუნებრივ გარემოში, ასევე, ნაუსის მუნიციპალიტეტის ორგანიზებულ ობიექტებში განთავსებულია საცურაო აუზი, ფეხბურთის, კალათბურთის, ჩოგბურთისა და ფრენბურთის კორტები. 1997 წელს ,,წმინდა ნიკოლოზის“ კომპლექსი დაჯილდოვდა სპეციალური ევროპული პრემიით – „LIFE“ პროგრამის განხორციელებისთვის, ურბანული და რეგიონული დაგეგმარების ინსტიტუტის ევროპული ჯილდოების ფარგლებში.
ის ახლახანს შეუერთდა ევროპის საბჭოს (ERHG) ისტორიული ბაღების ევროპულ მარშრუტის ქსელს, როგორც სრულუფლებიანი წევრი. ზემოაღნიშნული ტერიტორია მიჩნეულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად.

ქალაქ ნაუსაში არსებობს სასტუმროები და გესტჰაუსები, ასევე რესტორნები და ტავერნები, რომელიც ყველანაირად აკმაყოფილებს ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანების მოთხოვნას.
ნაუსა ათენიდან 611 კმ-ით, ხოლო თესალონიკიდან 96 კმ-ით არის დაშორებული. ის, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, საბერძნეთის ერთ-ერთი ულამაზეს ქალაქად არის აღიარებული. ნაუსას, სხვა ზემოხსენებულთან ერთად, განუმეორებელ ხიბლს მატებს ცნობილი, ადგილობრივი წითელი ღვინოც, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.
