ახალი ფაქტები და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა – 27 წლის გოგონას ბოლო ურთიერთობა პარტნიორთან საბედისწერო ღამეს
27 წლის ანასტასიას გაუჩინარებისა და მკვლელობის საქმეში “გასაღები” მისი მობილური ტელეფონია, რომელიც შაბათს (17 ივნისს) შუადღისას მოქალაქემ კოსში, მიტოვებულ შენობაში იპოვა.
გარდაცვლილი გოგონას 27 წლის პარტნიორი, დღეს ნაშუადღევს კოსის პოლიციის განყოფილებაში განმეორებითი ჩვენების მისაცემად გადაიყვანეს.
პირველადი ინფორმაციით, როგორც ირკვევა, 27 წლის გოგონამ დაურეკა თავის პოლონელ პარტნიორს და უთხრა რომ თავს კომფორტულად არ გრძნობდა, რადგან ფიქრობდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა და ფაქტიურად მისგან დახმარებას ითხოვდა, რათა ბანგლადეშელის სახლიდან წამოეყვანა.
ინფორმაციაში, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ არის დადასტურებული ნათქვამია, რომ მიუხედავად გოგონას სასოწარკვეთილი თხოვნისა, მის პარტნიორს ამაზე რატომღაც მყისიერი რეაქცია არ ჰქონია და არ უჩქარია მის დასახმარებლად შესაბამისად ემოქმედა, რაც თავისთავად გარკვეულ ეჭვებს ბადებს.
ყოველივე ამის შემდეგ, 32 წლის ბანგლადეშელი ბოლო ადამიანია, ვინც ანასტასია ცოცხალი ნახა, ხოლო მისი პარტნიორი ბოლო ადამიანი, ვისაც ის იმ საბედისწერო ღამეს დაუკავშირდა.
27 წლის პოლონელის და 32 წლის ბანგლადეშელის ტელეფონები კრიმინალური გამოძიების სამმართველოში ექსპერტიზისთვის გადაიგზავნა, რათა მოხდეს მათზე დაფიქსირებული ზარებისა და შეტყობინებების ანალიზი და დიალოგების შინაარსის გაშიფვრა.
გარდაცვლილის პოლონელი პარტნიორი ირწმუნება, რომ არც ის და არც ანასტასია არ იცნობდნენ 32 წლის დაკავებულს.
ამასობაში გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის შედეგებიც საგამოძიებო ორგანოებს და პროკურატურას გადაეგზავნა.
მსხვერპლი, რომელიც ცელოფნის ჩანთებში ჩადებული და ტოტებით დაფარული იპოვეს ბანგლადეშელი მამაკაცის სახლიდან სულ რაღაც ერთი კილომეტრის დაშორებით და რომელიც მთავარი ეჭვმიტანილია მკვლელობაში, ძალადობრივი გზით არის გარდაცვლილი, რასაც მის ყელზე არსებული დახრჩობის შედეგად მიყენებული დაზიანებაც ადასტურებს.
