Latest news
ლარისა: 16 წლის ბიჭის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება სახლისა და ბიზნესის წინ ლიცენზიის გარეშე ამკრძალავი ნიშნების დამონტაჟება კანონით ისჯება თრიასიო: 50 რომამ ჩაამსხვრია საავადმყოფოს ფანჯრები და თავს დაესხა ექიმებს მათი ნათესავის ტომოგრაფიის... 13 ივლისიდან დიდი საზაფხულო ფასდაკლებები იწყება რატომ უწოდებენ სალონიკს საერთაშორისო განათლების კარიბჭეს საბერძნეთი: ლიფტების სავალდებულო რეგისტრაციის ვადამ 2027 წლამდე გადაიწია მითები საკვებთან დაკავშირებით - რას უნდა მივაქციოთ ყურადღება პროდუქტების შერჩევისას ათენის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებს კონდიციონერებს უფასოდ გადასცემს კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება როგორ გარდაიქმნა აი-სტრატისი მწვანე კუნძულად
ხუთშაბათი, ივლისი 9, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

რას ითვალისწინებს ემიგრაციის პოლიტიკაში გატარებული ახალი ცვლილებები

რას ითვალისწინებს ემიგრაციის პოლიტიკაში გატარებული ახალი ცვლილებები

საბერძნეთის ადვოკატთა ასოციაციების პრეზიდენტთა საბჭოს საკოორდინაციო კომიტეტმა მიგრაციის საკითხებზე მიღებული ერთობლივი მინისტრთა გადაწყვეტილების (ΚΥΑ) სადავო დებულებების დაუყოვნებლივი გაუქმება მოითხოვა.

კომიტეტის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დაცვის მაძიებლებისთვის უფასო იურიდიული დახმარების სისტემაში ადვოკატების მონაწილეობა დადებით ნაბიჯად მიიჩნევა, ახალი რეგულაციების ნაწილი ეწინააღმდეგება ადვოკატის დამოუკიდებლობის, პროფესიული საიდუმლოსა და ეთიკური საქმიანობის ძირითად პრინციპებს.

ადვოკატები განსაკუთრებით აპროტესტებენ დებულებებს, რომლებიც იურიდიული კონსულტაციების პროცესზე სამინისტროს თანამშრომლების ზედამხედველობას ითვალისწინებს, ასევე გარკვეული შედეგების მიღწევისთვის დამატებითი ფინანსური წახალისების მექანიზმებს.

საკოორდინაციო კომიტეტმა განაცხადა, რომ სადავო დებულებების გაუქმებამდე ადვოკატთა კორპუსი ამ სისტემის განხორციელებაში მონაწილეობას არ მიიღებს და ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციებს მოუწოდა, შესაბამის რეესტრში რეგისტრირებულმა წევრებმა დროებით შეაჩერონ მიგრანტებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა. ასევე იგეგმება შეხვედრა მიგრაციისა და თავშესაფრის მინისტრთან.

საუბარია საბერძნეთის ერთობლივი მინისტრთა გადაწყვეტილების (ΚΥΑ №120961/26) ორ ძირითად დებულებაზე, რომლებიც ადვოკატთა ასოციაციების აზრით, არღვევს ადვოკატის პროფესიულ დამოუკიდებლობას.

  1. დამატებითი ანაზღაურების მექანიზმი (მე-9 მუხლის 3-ე პუნქტი)
    რეგულაცია ითვალისწინებს, რომ ადვოკატს დამატებითი ანაზღაურება შეიძლება გადაუხადონ იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო დაცვის მაძიებელი, რომელსაც მან იურიდიული კონსულტაცია გაუწია, ორი თვის განმავლობაში ნებაყოფლობით დატოვებს საბერძნეთს.
    ადვოკატთა ასოციაციების შეფასებით, ასეთი ფინანსური სტიმული ქმნის ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეს და შესაძლოა გავლენა მოახდინოს ადვოკატის მიუკერძოებელ რჩევაზე.
  2. სამინისტროს თანამშრომლების დასწრება იურიდიულ კონსულტაციებზე (მე-13 მუხლის 1-ლი და 2-ე პუნქტები)
    ეს დებულება მიგრაციისა და თავშესაფრის სამინისტროს უფლებამოსილ თანამშრომლებს აძლევს უფლებას, ზედამხედველობისა და შეფასების მიზნით დაესწრონ ადვოკატსა და თავშესაფრის მაძიებელს შორის შეხვედრებს.

ადვოკატთა ასოციაციები აცხადებენ, რომ:

  • ეს არღვევს ადვოკატ-კლიენტის კონფიდენციალურობას;
  • ზიანს აყენებს ადვოკატის დამოუკიდებლობას;
  • ეწინააღმდეგება როგორც საბერძნეთის ადვოკატთა ეთიკის კოდექსს, ისე ევროპულ სტანდარტებს.

სწორედ ამ ორი დებულების გაუქმებას მოითხოვენ ადვოკატები და აცხადებენ, რომ მათ გაუქმებამდე აღნიშნული პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *